„კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა ერთნიშნა მაჩვენებელი დღესაც შენარჩუნდა.
ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი მხოლოდ ექვს ადამიანს დაუდასტურდა, რაც ამ კვირაში ყველაზე დაბალი რიცხვია. ამ მონაცემს თითქმის ოთხჯერ აჭარბებს ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა. ბოლო ერთ დღეში დაავადებისგან კიდევ 22 ადამიანი განიკურნა. ახალ შემთხვევებს შორის ისევ ნაცნობი, ანუ ბოლნისის და თეთრიწყაროს კლასტერებიდან არიან. ორ პაციენტთან დაკავშირებით კი წყაროს ჯერ ვერ ადგენენ.
კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევიდან მეექვსე კვირა დაიწყო, რაც ეპიდემიოლოგიური გათვლებით ნიშნავს, რომ ქვეყანა ახლა „კოვიდ 19“-ის გავრცელების პიკშია. თუმცა ნახტომისებური და მკვეთრი მატების ნაცვლად ინფიცირებულთა ზრდის ზომიერი დინამიკა ფიქსირდება, რაც ოპტიმისტურ პროგნოზებს აჩენს. თუმცა ამ მაჩვენებლის შესანარჩუნებლად მომდევნო ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ჩინეთიდან გამოგზავნილი 40 000 „პისიარ“ და 20 000 სწრაფი ტესტი, ასევე დაავადებისგან დამცავი საშუალებები უკვე საქართველოშია.