„კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა გუშინდელთან შედარებით მცირედით მოიმატა.
დილიდან ამ მომენტამდე გამოვლენილია 15 ახალი შემთხვევა. ისინი ძირითადად ბოლნისის, მარნეულის და თეთრიწყაროს კლასტერებიდან არიან. ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა წყალტუბოს რაიონშიც, სადაც დაავადება მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს აღმოაჩნდა. მისი საკონტაქტო წრე კარანტინში გადაიყვანეს.
დღევანდელ ფაქტებს შორის ორ შემთხვევაში ინფექციის წყაროს დადგენა ვერ ხერხდება, რის გამოც ღრმა ეპიდკვლევაა ჩასატარებელი. დღეიდან ფართოვდება იმ ჯგუფების ჩამონათვალი, სადაც ტესტირება ჩატარდება. მიზნობრივ კატეგორიებს მოხუცთა თავშესაფრები და შშმ პირთა პანსიონატები დაემატება. კლინიკური ჯგუფის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ამ ეტაპზე „კოვიდ 19“-ის სამკურნალო მეთოდიკაში განსაკუთრებული ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. ეპიდემიოლოგების გათვლებით, საქართველოში პიკი აპრილის ბოლოდან იყო მოსალოდნელი, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელი განცხადებიდან ირკვევა, რომ ქვეყანამ პიკი შესაძლოა საერთოდ აიცილოს.