ახალი კლინიკა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან მოლაპარაკებები იწყება.

შიდა პროტესტის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია. საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარი სამკურნალო კორპუსი დაინგრევა და იმავე ადგილზე ახალი, მრავალპროფილური თანამედროვე კლინიკა აშენდება. ექიმებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახლა სამი თვე აქვთ ვადა იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ვარიანტებს გაეცნონ და რომელიმე შეთავაზებას დათანხმდნენ. იგულისხმება 4-დან 12 თვემდე ვადით კომპენსაციები, ან სხვა საავადმყოფოში დასაქმება. დემონტაჟის გადაწყვეტილებას აზარაშვილის უწყება ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადებული კვლევებით და ექსპერტიზის დასკვნით ამყარებს, რომელთა მიხედვით შენობის ავარიული მდგომარეობის გამო არსებული კორპუსის რეაბილიტაცია შეუძლებელია. თუ გავითვალისწინებთ მარტში დაწყებულ პროტესტს, ასევე ათი დღის წინ სოციალურ ქსელში რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებას, თანამშრომლების ნაწილი დემონტაჟის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. წერილში კლინიკის თანამშრომლები დანგრევის ნაცვლად საავადმყოფოს რეაბილიტაციას და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების შენარჩუნებას ითხოვენ.