აგვისტოს ომზე ჰეიდი ტალიავინის ინტერვიუ და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი აგვისტოს ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წინააღმდეგ საჯარო სამართლებრივი პროცესის წარმართვის აუცილებლობაზე საუბრობს, მეორე დღეა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა. მმართველი გუნდის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთს სამხედრო ინტერვენციის სამართლებრივი საფუძველი სააკაშვილის ქმედებებმა შეუქმნა, რაც ტალიავინმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუშიც მკაფიოდ დაადასტურა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ განცხადებით, დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ გამოსაძიებელი არაფერია, რადგან აგვისტოს ომთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი გასცა როგორც ჰააგის, ისე სტრასბურგის სასამართლომ, ამ თემაზე აპელირება კი, ხელისუფლების ოპონენტების აზრით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.