დღეს იმსჯელებს სასამართლო ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დაკავებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე. პროკურატურამ მათ ბრალი გუშინ წარუდგინა. უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ორი პირი ბათუმში დააკავა. მათ ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. გამოძიების ცნობით, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში მყოფი პირები საცხოვრებელ სახლებში ინახავდნენ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით. საქმეზე გამოძიება გრძელდება. წარდგენილი ბრალი 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.