ზუგდიდში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ადვოკატებმა სასამართლოს 30 000-ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა, სასამართლომ მათი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ორი დღის წინ, 23 ივლისს ზუგდიდში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. საგამოძიებო უწყება მას ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. მკვლელობიდან მალევე, შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა. ის გარე სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული. მასალაში ჩანს, როგორ ეჯახება 65 წლის მამაკაცი საკუთარი მანქანით ბიზნესპარტნიორის ავტომობილს. შემდეგ კი გადმოდის და მამა-შვილის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის. შედეგად ადგილზევე იღუპება მამა, მოკლულის შვილი კი, მკვლელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, რა დროსაც ისიც იჭრება. თავდამსხმელი საკუთარ ავტომობილში ჯდება და ადგილიდან მიდის. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და მძიმე მდგომარეობით, ამ დრომდე რეანიმაციაშია.