აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადება

დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლის მცდელობა და მცოცავი ანექსია – ამ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. აპარტამენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც აღმოსავლეთ აფხაზეთში 10 000 აპარტამენტის მშენებლობას ითვალისწინებს, შესყიდული იქნება რუსეთის მოქალაქეების მიერ, რომელთაც ექნებათ ასევე შესაძლებლობა მიიღონ ორმაგი მოქალაქეობა, ხოლო ეკონომიკურ სარგებელს, რისი მოლოდინიც აქვს დე-ფაქტო ხელისუფლებას, ოკუპირებული აფხაზეთის ნაცვლად, რუსული საინვესტიციო კომპანიები მიიღებენ. აღნიშნული კანონპროექტის განხილვა უახლოეს დღეებში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში დაიწყება, თუმცა მანამდე საკომიტეტო მიღება მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა.