კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ექვსი პირის პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და ეტაპობრივად სასამართლო მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს იხილავს. მათ პოლიციისათვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. მათი განცხადებით, სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ და პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ. პოლიციელებს კი მათ მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესისას სამართალდამცველებმა 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული, ორი კი სისხლის სამართლის წესით. სისხლის სამართლის წესით დაკავებულების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ საათში დაიწყება, რასთან დაკავშირებითაც, მათი მხარდამჭერები სასამართლოს ეზოში იკრიბებიან.