აჭარის სანაპიროებზე კვლავ საშტორმო მდგომარეობაა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალიდან გამოიდარებს, თუმცა დღეს ისევ მოსალოდნელია წვიმა და შტორმის სიმძლავრემ ზღვაზე, შესაძლოა, 4-5 ბალს მიაღწიოს. დღეს აჭარის სანაპიროზე ქარბორბალაც დაფიქსირდა. უხვი ნალექის გამო, ქობულეთში რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყერი ჩამოწვა.
წვიმის გამო ადიდდა მდინარე, მეწყერული პროცესი განვითარდა სოფელ ზედა აჭყვაში, საავტომობილო გზაზეც. უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა ბათუმსაც, სადაც ქუჩების ნაწილი დაიტბორა. მოსახლეობა ამბობს, რომ დატბორვის მიზეზი გაუმართავი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემებია, რის გამოც, მცირე წვიმის დროსაც, ქუჩებში გადაადგილება რთულდება. კომპანია „ბათუმის წყალში“ კი აცხადებენ, რომ დატბორვა არა სისტემის გაუმართაობამ, არამედ უხვმა ნალექმა განაპირობა.