მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. გარდა ამისა, მოეწყობა კაბელ-არხები, სადაც საჰაერო ელექტროსადენები განთავსდება, მოწესრიგდება ტროტუარები და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება.
სამუშაოების მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება ავტომობილების პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით. მიმდინარე პროცესს დღეს თბილისის მერი ადგილზე გაეცნო.