8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. თარიღთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს ინიციატივით, მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება. კვირეულის ფარგლებში, 8-14 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სკოლის მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის პირადი საარქივო მასალის გამოფენაზე უსასყიდლოდ უმასპინძლებს. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოწყობილ გამოფენაზე იმყოფებოდა განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, რომელმაც საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი დოკუმენტები სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერა და ილია ჭავჭავაძის პირად არქივს გაეცნო. ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობა ტარდება, რომელშიც ახალგაზრდები არიან ჩართულები.