რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება 6 წლის ბავშვი, რომელიც თბილისში ბათუმიდან გადმოიყვანეს. მას ჯერ ინფექციურში მკურნალობდნენ, შემდეგ კი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვს ოთხი სხვადასხვა დიაგნოზი დაუდგინდა, თუმცა ოჯახის წევრების მტკიცებით, ექიმებს არ აქვთ ზუსტი პასუხი, რატომ რთულდება 6 წლის ბიჭის მდგომარეობა. კლინიკაში კი განმარტავენ, რომ ვითარებაში გასარკვევად, დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის პროცესში, სამედიცინო დაწესებულების სრული რესურსი იყო ჩართული. მოზარდის ახლობლები, ბავშვის საზღვარგარეთ გადასაყვანად, დახმარებას ჯანდაცვის სამინისტროსაგან ითხოვენ. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეში სამინისტრო უკვე ჩართულია.