48 ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვა

ოპოზიციონერ დეპუტატთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც პარლამენტის 48 წევრი აწერს ხელს. „მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს, ვაფასებთ მათი მხრიდან დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დასახმარებლად გაწეულ შრომასა და ძალისხმევას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში ასევე ვკითხულობთ: „მმართველი პოლიტიკური ძალის ამგვარი მოქმედება ემსახურება ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრირებისთვის ხელის შეშლის მიზანს, მაშინ როდესაც ამგვარი ინტეგრირების უზრუნველყოფა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციური ორგანოების და ე.ი. ქართული ოცნების ხელისუფლების ვალდებულებაა“.