ზუსტად 33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“.
სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები 5 აპრილს გამოქვეყნდა, 9 აპრილს კი უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს. ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან თარიღს ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.