32 წელი 1991 წლის რეფერენდუმიდან

ზუსტად 32 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას:

„თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“. სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. ეს იყო ბოლო რეფერენდუმი, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდა. საკუთარი პოზიცია გამოხატა ახლა უკვე ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ. 5 აპრილს რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები გამოქვეყნდა. 9 აპრილს კი უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმს სოციალური ქსელით გამოეხმაურა  პრემიერ-მინისტრი: „ზუსტად 32 წლის წინ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები დაედო საფუძვლად უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ეს დღე სამაგალითო გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო ერთსულოვნების თვალსაზრისითაც. ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამართულ რეფერენდუმზე ჩვენმა ხალხმა, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ჩათვლით, მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას. კიდევ ერთი მიზეზით არის 31 მარტი ღირსშესანიშნავი, – დღეს რეფერენდუმის სულისჩამდგმელის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეა. 31 მარტის რეფერენდუმი ჩვენს ისტორიაში დარჩება მოვლენად, რომელმაც მყარი საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, იმ მიზნისკენ სვლას, რომელიც ქართველთა ყველა თაობას აერთიანებს. – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

განცხადებას ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარეც.
„1991 წლის 31 მარტს საერთო-სახალხო რეფერენდუმის შედეგებმა გააერთიანა თაობების ბრძოლა თავისუფლებისთვის და ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი შექმნა. 32 წლის წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  ჩატარდა და მასში მონაწილეობა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. მაშინ ამომრჩეველთა 98,9 %-მა, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა და ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩვენმა საზოგადოებამ შექმნა მაგალითი – დემოკრატიული გზით საბჭოთა ოკუპაციის დამარცხებისა. ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის გამორჩეული თარიღი, რომლის ერთგულება და დაცვა ჩვენი უპირველესი ვალია. მადლობა მინდა, ვუთხრა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ვინც დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმში მიიღო მონაწილეობა და თაობებს თავისუფლებისა და ღირსების საუკეთესო მაგალითი მოგვცა,” – წერს შალვა პაპუაშვილი.