31 წელი დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან

31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. 1991 წლის 31 მარტს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, რომლის შედეგების საფუძველზეც, უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი. მთელ საქართველოში, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უბნებზე მისული 3 326 100 ამომრჩევლიდან 99.08%-მა მხარი დაუჭირა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

ისტორიული რეფერენდუმის 31-ე წლისთავს ულოცავს მოქალაქეებს საქართველოს პრემიერი-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში ვკითხულობთ რომ „ამ დღეს სრულიად საქართველომ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა სახელმწიფოებრიობის აღდგენის გადაწყვეტილება. სწორედ ხალხის ამ ერთსულოვანი ნებით იხელმძღვანელა უზენაესმა საბჭომ იმავე წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისას. ამ გამარჯვებისთვის უამრავი ადამიანი იბრძოდა, თუმცა უდავოა, რომ იგი პირველ რიგში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნამდვილი სახალხო ლიდერის, ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა. 31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, შეუქცევადი გახადა სვლა მიზნისაკენ, რომლისთვისაც ქართველთა არა ერთი თაობა იბრძოდა და შრომობდა. მჯერა, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალების ერთგულება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა არის გზა, რომელიც მალე მიგვიყვანს ამ მიზნამდე“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.