სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1993 წლის 22 სექტემბერს, საღამოს 6-ის ნახევარზე, თბილისიდან, ალყაში მოქცეულ სოხუმში დაშვების უფლების გარეშე გაფრენილი „ტუ 154“, რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, ზღვიდან ნასროლი სითბური რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდი ასაფრენ ბილიკზე ნაწილებად დაიშალა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში 132 ადამიანი იყო, მათგან 108 დაიღუპა. ცხედრები აეროპორტთან ახლოს დაკრძალეს. სამარხი წლების შემდეგ გაიხსნა და დაღუპულების გადმოსვენება ეტაპობრივად განხორციელდა. უმძიმესი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს დღეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს. სასაფლაოზე გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრები შეიკრიბნენ. მათ 31 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს. ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე ბაბუშერას ტრაგედიის შედეგად დაღუპული 58 ადამიანის ნეშტია გადმოსვენებული.