ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა. ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირები, რომლებსაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, აღნიშნული ცვლილების თანახმად, მაინც მიიღებენ 300-ლარიან კომპენსაციას.
დღევანდელი მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 73 600 განაცხადია დარეგისტრირებული. პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენა 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.