27 წლის მედდის გარდაცვალების გახმაურებულ საქმეზე გამოკითხვები მიმდინარეობს.
გამომძიებლების კითხვებს პასუხობენ ახალციხეში მდებარე კლინიკა „იმედის“ რეანიმატოლოგი და მთავარი ექიმი. სამედიცინო დაწესებულებიდან ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც, რომელთა დახმარებით უნდა დადგინდეს, რამდენად დროულად ჩაუტარდა მეგი ბაქრაძეს საჭირო სამედიცინო პროცედურები. გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, ექთანი ვაქცინაციამდე გარკვეულ პრეპარატებს იღებდა. ამიტომ ოჯახის წევრები მედდისთვის აღებული სისხლის ნიმუშების ალტერნატიულ ექსპერტიზას და ახალციხის კლინიკიდან სამედიცინო ისტორიის ამსახველი სრული დოკუმენტაციის მიწოდებას ითხოვენ. პარალელურად დოკუმენტაციის მოკვლევას აგრძელებს რეგულირების სააგენტო, რომელიც წინასწარ დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.