თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე დაზარალებული შალვა ოგბაიძე დაიკითხა. ოგბაიძემ სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დეტალები გაიხსენა და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის შეკითხვებს უპასუხა. მოწმის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციის დარბევისას სხეულის დაზიანებები მიიღო როგორც მან, ისე მისმა შვილებმა. პროცესზე ერეკლე კოდუას ხსენებისას ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ქარდავას ადვოკატმა მოწმეს შენიშვნა მისცა, აღარ ესაუბრა სხვა პირებზე, რომლებიც კავშირში არ იყვნენ აღნიშნულ საქმესთან, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. კამათის გამო მოსამართლემ ისინი მოსალოდნელი დაჯარიმების შესახებ გააფრთხილა.