26 მაისის აქციის დარბევის საქმე

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმე. ამ წუთებში ჩვენებას ერთ-ერთი დაზარალებული აძლევს. მოწმე ვახტანგ გიგინეიშვილმა განმარტა, რომ რუსთაველის გამზირზე მეგობართან ერთად იყო და აღნიშნა, რომ ტერიტორიის დატოვება მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო, რადგან რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმს ალყა ჰქონდა შემორტყმული. მოწმემ ისაუბრა იმაზე, რომ მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. წაიყვანეს სამმართველოში, სადაც პირადი ნივთები წაართვეს. ასევე თქვა, რომ სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა სხვა მოქალაქეებსაც, რომლებიც ტერიტორიიდან გასვლას და რუსთაველის გამზირის დატოვებას ცდილობდნენ.

26 მაისის საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.