საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.
უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნა ქვეყნის მასშტაბით დილიდან მიმდინარეობს. ღონისძიებები ახალწვეულების ფიცის დადებით დაიწყო, სამხედრო ფიცი ღვთისა და ერის წინაშე დედაქალაქის პარალელურად კიდევ 10 რეგიონში დადეს. შესრულდა ჰიმნი და მრავალჟამიერი. თავისუფლების მოედანზე მთავარი სამხედრო ღონისძიება ჯარისკაცის მრწამსის წარმოთქმით დასრულდა, რა დროსაც მთავარი მოედნის თავზე თავდაცვის ძალების კუთვნილმა ახლად მოდერნიზებულმა თვითმფრინავებმა და შვეულმფრენებმა საქართველოს დროშის ფერებში ბოლი გაუშვეს და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. სრულფასოვანი თავისუფლება უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ერთიანობას გულისხმობს. დღეს თუ რაიმე ჩრდილი ადგას ჩვენს თავისუფლების ზეიმს, ეს არის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს. ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი. მათ ყურადღება 26 მაისის – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.