პოლიტიკური ვნებათაღელვა 26 მაისის დეკორაციის გარშემო.
პარლამენტის შენობის ცენტრალურ ფასადზე გაკრული სადღესასწაულო ბანერი მწვავე პროტესტის მიზეზი ხდება. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ არ მოხვდა შარშანდელის მსგავსად ბანერზე საქართველოს დროშის გვერდით ევროკავშირის დროშა – მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე წლის ბოლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს. სადღესასწაულო გაფორმება ოპონენტებისთვის ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევის კიდევ ერთი არგუმენტია, რასაც სპეკულაციად მიიჩნევს მმართველი გუნდი. „თავისუფლების სიყვარულით“ – ასეთია 26 მაისის ღონისძიებების წლევანდელი თემატიკა. ხელისუფლება ოპონენტებს ახსენებს, რომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ სადღესასწაულო ბანერზე ევროკავშირის დროშები თემატიკიდან გამომდინარე მხოლოდ 2022 წელს იყო დატანილი, რაც საარქივო მასალებითაც დასტურდება. არქივში 26 მაისისადმი მიძღვნილ დეკორაციებზე ევროკავშირის დროშები არც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდიდან იძებნება.