„საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფოა“, – ვკითხულობთ ქვეყნის უზენაეს კანონში, რომლის მიღებიდან დღეს 29 წელი გავიდა. 1995 წლის 24 აგვისტოს, პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. შესაბამისი კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ საბოლოოდ, ახალი დოკუმენტის მიღება გადაწყდა. საბოლოო ტექსტსაც ხელი მთავრობის იმ სასახლეში მოეწერა, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოაცხადა. ქვეყნის მთავარი კანონის მიღების შემდეგ, კონსტიტუციაში მრავალი ცვლილება შევიდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი 2010 წლის ცვლილებები იყო, როდესაც მმართველობის ფორმა შეიცვალა. ამასთან, გაჩნდა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული 78-ე მუხლიც.