საქართველოს კონსტიტუციის დღე

24 აგვისტო მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოსთვის. 27 წლის წინ, ამ დღეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუცია მიიღო. მას შემდეგ უზენაესი კანონი არაერთხელ შეიცვალა. ყველა კორექტირებას და ცვლილებას კი თან მწვავე პოლიტიკური ვნებათაღელვა ახლდა. წინა მთავრობის მსგავსად, კონსტიტუცია ძირეულად შეიცვალა მოქმედი ხელისუფლების დროსაც. ათთვიანი პოლიტიკური დებატების შედეგად მიღებულმა 78-მუხლიანმა დოკუმენტმა, სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი ახლებურად განსაზღვრა, ქვეყნის მართვისა და მოწყობის ფორმასთან ერთად კი, კიდევ არაერთი საკითხი შეცვალა. მათ შორის – პრეზიდენტის არჩევის ფორმა. კონსტიტუციის ახალი რედაქციის შედეგად, პრემიერის და პარლამენტის გაზრდილი უფლებებით ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა დღესაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. თუმცა ერთი მოსმენით მიღებული პროექტის ბედი გაურკვეველია.​