„2023 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“

„2023 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“- აშშ-ის სენატში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს. პროექტის ავტორები არიან რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები, მათ შორის ჯინ შაჰინი, მიტ რომნი, ბენ კარდინი, დიკ დურბინი და სხვები. კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის, ასევე ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის ფონზე. კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გააქტიურებას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის ნატო-სთან და ევროკავშირთან კოორდინირებულად, ასევე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისა და აშშ-ის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, რუმინეთის, მოლდოვისა და ბულგარეთის დახმარების გაზრდას. საუბარია ერთობლივი მრავალეროვნული საკოორდინაციო შტაბის შექმნაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შავ ზღვაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების ყველა სამხედრო საქმიანობის კოორდინაციაზე, რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის გააქტიურებაზე. კანონპროექტი ასევე მოუწოდებს ადმინისტრაციას, შეისწავლოს, რამდენად ღირებული იქნება შავ ზღვაში ნატო-ს რეგულარული და როტაციული წარმომადგენლობის შექმნა. კანონპროექტში გაწერილი სტრატეგიის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები შავი ზღვის რეგიონში, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩავიდნენ. „შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის აქტი“ ამჟამად განსახილველად აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტშია გადაგზავნილი.