ფინალურ ეტაპზეა შარლ მიშელის შეთანხმების პირველი პუნქტის აღსრულებაც. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, ამნისტიის კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ხვალ მესამე მოსმენით გადის. საბოლოო რედაქციის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება ყველა ის ადამიანი, რომელსაც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დანაშაული აქვს ჩადენილი, ან მცდელობა ჰქონდა და ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ ამბობს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ პროექტს არცერთი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა არ აქვს. 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური ძალებისთვის, ივნისის ცნობილი მოვლენების საქმეზე ბრალდებულ სამართალდამცველთა ამნისტირება კატეგორიულად მიუღებელია. ამ საკითხზე ხელისუფლებასა და ოპონენტებს შორის უთანხმოება იმდენად მწვავე იყო, რომ თავის დროზე ოპოზიციას ამნისტიის ალტერნატიული პროექტის დაწერაც მოუხდა, თუმცა მათ მიერ შემუშავებული ვერსია ჩავარდა.