პარლამენტის დაკომპლექტების ახალ მოდელზე, რომელიც პროპორციული და მაჟორიტარული სქემით დეპუტატების 120/30-ზე გადანაწილებას გულისხმობს, ხელისუფლება და ოპოზიცია პარლამენტში სრულად პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდეგ შეთანხმდა. საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნა მწვავედ დადგა ერთი წლის წინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე აქციები დაიწყო. ამ მოვლენებს კი წინ უძღოდა რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის მისვლა საქართველოს პარლამენტში, რასაც პროტესტი მოჰყვა.
ხელისუფლების განცხადებით, იყო პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა, რის გამოც აქცია დაშალეს, არიან დაზარალებულებიც. 20 ივნისის მოვლენებიდან დღეს ერთი წელი გავიდა. 20 ივნისი, ერთი მხრივ, მოქალაქეების რწმენის დაბრუნების, მეორე მხრივ კი უმძიმესი დღე იყო – ასე აფასებს ოპოზიცია გასული წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.
სახელისუფლებო გუნდში კი ამბობენ, რომ გარკვეული გადაცდომები იყო, რაზეც სამართალდამცველები პასუხისგებაში მიეცნენ, თუმცა განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები ცხადყოფს, რომ ოპოზიციის ლიდერები ვითარების გამწვავებას შეგნებულად ცდილობდნენ, მათ შორის პარლამენტში შეჭრის მცდელობით.