18 მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე საერთო სასამართლოებში უვადოდ გამწესდა. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მიიღეს. საბჭომ 52 ვაკანტურ ადგილზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარა. საერთო ჯამში 34 ვაკანსია შეივსო. მათ შორის საბჭოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მოსამართლედ უვადოდ გამწესებაზე საბჭოს მოქმედ ორ წევრს ლევან თევზაძეს და სერგო მეთოფიშვილს.
ასევე საბჭოს წევრების მოწონება დაიმსახურა საბჭოს მდივნის მეუღლის მაია კვირიკაშვილის კანდიდატურამაც, რომელიც მოსამართლედ დაინიშნა.
საბჭოს წევრებისთვის მოულოდნელი აღმოჩდა კენჭისყრების დაწყებამდე მოსამართლე გიორგი არევაძის პოზიცია, რომელმაც კანდიდატურა მოხსნა. არევაძემ რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პატიმრების შეწყალების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
საბჭომ ამჯერადაც უარი უთხრა დანიშვნაზე გასულ წლებში სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველ მოსამართლე გიორგი ჩემიას.