„უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის ომის დასრულების მიზნით, მაგრამ არ დანებდება და არ მიიღებს რაიმე სახის ულტიმატუმს“. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები რომ ჰყავდეს, რაც ხელს შეუწყობს გრძელი სამხედრო კოლონების განადგურებას. კულებას განცხადებით, უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო მარაგი. მისივე განმარტებით, ბოლო დროინდელი სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკის დასასუსტებლად მეტი ნაბიჯებია საჭირო. ბელარუსზე საუბრისას კი, უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მას სჯერა, ოფიციალურ მინსკს უკრაინაში ჯარის გაგზავნა არ სურს, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლის ქვეშაა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაში გამოყენებული რუსული ტაქტიკა სირიის ომის მსგავსია.