თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, – განცხადებას პაციენტის მკურნალობაში ჩართული ისრაელიდან მოწვეული ექიმი აკეთებს.
ზიონ ზიბლის თქმით, მომდევნო 4-5 დღე იქნება გადამწყვეტი იმის გასაგებად, შეძლებს თუ არა პაციენტი მიღებული ტრავმის დაძლევას. 15 წლის მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც გუშინ საღამოს იაშვილის კლინიკაში მას ოპერაცია ჩაუტარდა.
მოზარდმა თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. მას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით მოზარდის დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში. როგორც ადვოკატი აცხადებს, მასზე დაკითხვის დროს განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე საქმესთან შემხებლობაში მყოფ სამართლადამცავებს უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ.