საქართველოში დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა თბილისსა და რეგიონებში. ეროვნული დროშის ფერებში განათდა ბათუმის სტადიონი. სახელმწიფო დროშები გამოფინეს რუსთავშიც, სადაც დროშებით მოირთო ქალაქის შუაგამყოფი ხიდი, მეგობრობის, შარტავას სახელობის გამზირები და გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, საქართველოს დროშები საზეიმოდ აღიმართა სახელმწიფო უწყებების შენობებზე.
დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, დროშები გადმოფინეს დედაქალაქის საკრებულოს შენობიდანაც. ამასთან, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, საქართველოს დროშები ქუჩაში მოქალაქეებსაც დაურიგეს. სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან აღინიშნება.