135 დაშავებული და ათასამდე დაკავებული, – ასე დასრულდა გუშინ საფრანგეთში მომხდარი არეულობა. ამ მონაცემების შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. მისი თქმით, დაშავებულთა შორის 17 პოლიციელია. მინისტრის განცხადებით, პარიზში საპროტესტო გამოსვლებში 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი დემონსტრაციებში – 125 ათასი.
წინა კვირის მსგავსად, პარიზში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მიერ ორგანიზებული აქცია არეულობაში გადაიზარდა. მონაწილეებმა ჩაამსხვრიეს ვიტრინები, დაწვეს მანქანები და ნაგვის ურნები. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პარიზის ცენტრში დახურული იყო ღირსშესანიშნაობები და მაღაზიები, ქალაქში მობილიზებული იყო ჯავშანტექნიკა.
საფრანგეთის მთავრობის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები უკვე მეოთხე კვირაა ეწყობა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ აქციები ყოველ შაბათს გაიმართება.