„უმნიშვნელო“ ისტორიაც ისტორიაა
„უმნიშვნელო“ ისტორიაც ისტორიაა

 

***

მამას ბიოგრაფიის ბაშკიჩეთის (დმანისის) პერიოდიდან ერთი საგულისხმო მოგონება მახსენდება, რომელიც მის საქმიანობასთან თითქოს არანაირ კავშირში არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც (ცნობისათვის: მამა აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებულ დმანისის რაიონში ქართული სიტყვის სადარაჯოზე იდგა – რაიონულ გაზეთს რედაქტორობდა): იმხანად რაიონს ხელმძღვანელობდა ივანე ლუარსაბის ძე დვალი. მამას თქმით, უპატიოსნესი კაცი. კაცი, რომელიც პირნათლად და უანგაროდ ემსახურებოდა ქვეყანას, საქმეს და არა პარტიას (სწორედ ამის გამო პარტიამ მოიშორა კიდეც: თბილისში გამოძახებულს გზაზე მეტად საეჭვო ავარია მოუწყვეს, სადაც იგი, მისი ცოლი და მათი უმაღლესი კატეგორიის მძღოლი დაიღუპნენ). ერთ სეზონზე დვალს მამასთვის უთქვამს, რაიონში სათესლე კარტოფილის გეგმა მივარდება. ხომ წარმოგიდგენია რა მოხდება იქ, ზემოთ, როცა მეკარტოფილეობით განთქმულ რაიონში კარტოფილის მოსავლის გეგმა ვერ შესრულდებაო. ამის გამგონე მამას რაიონის სტრატეგიული მარაგების საწყობში შეუვლია და გამგისთვის უკითხავს:

– ნუთუ არაფერია ისეთი, გლეხებს ნატურით რომ გადავუცვალოთ?

– არა, – უპასუხა საწყობის გამგემ.

– იქნებ მაინც მოიძებნოს რამე საინტერესო, არ მოეშვა მამა.

– არა და არა.

– გამიღე საწყობი და მე თვითონ ვნახავ, – მტკიცედ უთხრა მამამ და გამგეც დაჰყვა მის ხმაში გარეულ მეტალს. საწყობში მართლაც არაფერი იყო, გარდა უამრავი ქერისა. მამამ გამგეს გაკვირვებით შეხედა.

– ჰო, ქერია, რა თავში ვიხლით. დათესამ და კარტოფილს მაიყვანს თუ რა? – აბურდღუნდა გამგე.

– ბიჭო, ეხლავე გაეცი განკარგულება, რომ ეს ქერი აზერბაიჯანელ გლეხებს საზამთროდ საქონლის გამოსაკვებად დაურიგონ: ყოველი 10 კგ. ქერი 2 კგ. სათესლე კარტოფილის სანაცვლოდ!

ნატურალური ბარტერი წარმატებით შედგა. აზერბაიჯანელი გლეხებიც კმაყოფილნი იყვნენ და რაიონმაც პირნათლად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.

***

გაზეთ „დრონის“ რედაქციამ ჟურნალისტთა სახლში რომელიღაც შეხვედრის გასაშუქებლად გამაგზავნა. 1996 წლის ზამთარი იდგა. დარბაზში რომ შევედი, მამა იქ დამხვდა, ვიღაც ნაცნობს ელაპარაკებოდა, რომელიც, თავის მხრივ, დარბაზში დამსწრეთა თვალიერებით იყო გართული. შეხვედრის დაწყება გვიანდებოდა. უცებ მამა მოვიდა და მითხრა:

– მარიკა, აირბინე რა, ჩემთან მუზეუმში. იქ, ამა და ამ ადგილას ესა და ეს საქაღალდე მიდევს და ჩამომირბენინეო.

– მამა, ხომ იცი, რედაქციაში დილის ნომრისთვის მასალა უნდა მივიტანო და ამ შეხვედრის დაწყებას ველოდები.

– შეხვედრის დაწყებამდე მოასწრებ. ის კაცი, მე რომ ველაპარაკე, გაზეთ „ქუთაისის“ რედაქტორია. ისეთ მასალებს მივაკვლიე ქუთაისსა და ქუთაისლებზე, მან აუცილებლად უნდა ნახოს.

– ნეტა შენ, მოგცლია. სახეზე აწერია, რომ არც აინტერესებს, – ვუთხარი.

– ნუ ხარ შენ ცინიკოსი, ასე არ შეიძლება! – თავი გადააქნია, ხელი ჩაიქნია და დარბაზიდან ხელჯოხის კაკუნით გავიდა.

შეხვედრა რომ დამთავრდა, ქუჩაში გამოსული შემდეგი სურათის მოწმე გავხდი: გაზეთ „ქუთაისის“ რედაქტორს აქეთ-იქით ხელკავი გაეყარა ორი მეტად ელიტარული პერსონისთვის და ლესელიძის ქუჩისკენ ამაყად მიაბიჯებდა, მამა კი საქაღალდით ხელში მისძახოდა: – ალე, ალე! აი, ის მასალები, რომ დაგპირდი, ალე!…

მაგრამ ალეს რა ემასალებოდა. აქეთ-იქეთ იყურებოდა, თუ მხედავენ რა „სასტავში“ ვარო. ყურებჩამოყრილ მამას რომ შევხედე, გული მომეწურა. ხელკავი გამოვდე, მივეხუტე და მუზეუმამდე უხმოდ მივაცილე.

 

მარინა ბუზუკაშვილი

დატოვე კომენტარი