საარქივო მასალების  საქაღალდედან [II ნაწილი]
საარქივო მასალების საქაღალდედან [II ნაწილი]

ვაგრძელებ ფრაგმენტების ბეჭდვას საარქივო მასალათა საქაღალდის II ბლოკიდან, რომელიც  თემატიზებულია და მასში თავმოყრილია დღევანდელი გადასახედიდან მრავალმხრივ საგულისხმო მოგონებები აკაკი წერეთელზე. როგორც ჩანს, მამა აკაკიზე წიგნის გამოცემას აპირებდა, რადგან გარდა აქ წარმოდგენილი მასალებისა, დიდ პოეტზე სხვაც ბევრი ჰქონდა შეგროვებული.

მარინა ბუზუკაშვილი

•••

ანა დიასამიძის მოგონებებიდან:

„… განოვის ქუჩაზე შადინოვის სახლს განაგებდა ნიკოლოზ დიასამიძე. ამ სახლში ერთი ოთახი აკაკის დაუთმო. ამ პერიოდთან დაკავშირებით ალექსანდრე დიასამიძე იგონებს, რომ აკაკის მეგობრები – სანდრო ყაზბეგი, ვანო მაჩაბელი, ნიკოლოზ დიასამიძე და სხვები დიდად აღელვებულნი იყვნენ, რადგან ელოდნენ აკაკის დაჭერას. ეს დაკავშირებული იყო მის ლექსთან „დღეს მერცხალი შემოფრინდა“, რომელიც შეთხზა ალექსანდრე II-ის მკვლელობის შეტყობის გამო…

•••

… ერთხელ შემოვიდა ჩვენთან აკაკი და გვიამბო:

– ეს არის, ახლა მოვდიოდი ვორონცოვის ხიდზე. დავინახე, რომ ერთ ჩოხიან ახალგაზრდას ეხვეოდნენ „გოროდოვები“. ის კი ყველას ხმლით იგერიებდა. დავაკვირდი და ვიცანი საშა ციციშვილი (მაშინდელ დროში ცნობილი თავისი დარდიმანდობით, ვაჟკაცობითა და ქეიფით). აკაკი აღტაცებული იყო  ამ სურათით და გვითხრა:

– მესიამოვნა, რომ დავინახე მისი ხელის მარჯვე ტრიალი და განსაკუთრებით ის, რომ ერთი რამდენიმეს იგერიებდა. ჩანს, ქართველებში ძველი სისხლის ძალა არ ჩამკვდარაო“…

•••

ივანე იოსელიანი იგონებს:

„… ერთხელ ჩვენი ინტელიგენციის შესახებ აკაკიმ მითხრა:

– ჩვენისთანა ფუქსავატი ინტელიგენცია, არა მგონია რომელიმე ერს გააჩნდეს. თბილი ადგილების ძებნამ და შოვნამ, ბანკებმა და სხვა დაწესებულებებმა ზნეობით დასცეს ჩვენი ინტელიგენცია…

 

•••

… ქუთაისში აკაკის იუბილე რომ გაუმართეს, ამ ეროვნული დღესასწაულის დღეს მოხუც მგოსანს ერთი დიდი საწყენიც შეხვდა:

იმ დღეს აუარებელმა ხალხმა აკაკი დიდი ზეიმით მიაცილა ბეჟან წერეთლის სახლამდე. ნასადილევს დაღლილი აკაკი ერთ პატარა ოთახში მიწვა დასასვენებლად. სასტუმრო ოთახი სავსე იყო აკაკის ნაცნობებით და მისი ნიჭის თაყვანისმცემლებით. ამ დროს კარებზე ზარი დარეკეს. მსახურმა კარი გაღო. შემოვიდა ერთი ვიღაც ჩოხიანი და აკაკის ნახვას დაჟინებით მოითხოვდა. ამავე დროს მეც იქ გავჩნდი.

– რად გნებავს აკაკი?

მან ჩუმი ხმით, თითქოს სცხვენიაო, მიპასუხა:

– აქ ცოტა ნაწარმოები მაქვს, დაბეჭდვას ვაპირებ და მინდა აკაკიმ გადახედოს.

გამეცინა და მინდოდა სხვა დროისათვის დამებარებინა, მაგრამ ამ დროს პატარა ოთახიდან აკაკის ხმა მოისმა:

– შემოუშვით, ვინ არის, არ მძინავს.

ჩოხიანი მგოსანი შევიდა აკაკისთან და კარი მიიხურა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა ოთახიდან, მარდი ნაბიჯით ჩაგვიქროლა თვალწინ და გაქრა. მალე აკაკიც დავინახეთ. ის იყო გაფითრებული და ფერდაკარგული.

–  ვინ იყო, ბატონო აკაკი, ის ჩოხიანი? – დავეკითხე.

– ნუღარ მკითხავთ, თუ ღმერთი გწამთ, – გვიპასუხა აკაკიმ, – ყაჩაღი ყოფილა, თავლაფდასხმული! ფული გამომგლიჯა, უკანასკნელი 25 მანეთი და კიდეც დამემუქრა – არ გააცხადოო.

თავზეხელაღებული უნდა იყოს მაგ საწყალი, ან გიჟი ვინმე. თუ არა, ამდენ ხალხში ეს როგორ გაბედა. ხანჯალზეც ხელი გაისვაო!

ჩვენ ძალიან აგვაღელვა ამ შემთხვევამ. გვინდოდა კიდეც გამოვდევნებოდით იმ თავხედ ავაზაკს, მაგრამ აკაკიმ დაგვიშალა:

– დაანებეთ თავი, თუ ღმერთი გწამთ, არ მინდა ჩემი გულისთვის ვინმე დაისაჯოსო“…

•••

იოსებ სალარიძის მოგონებებიდან:

„ … აკაკის სასწავლებელში გაგზავნის გამო მამამისმა როსტომმა, მთა დაუგირავა ელისაბედ წერეთლის ქმარს (ელისაბედ წერეთელი – აკაკის ნათესავი, საჩხერელი თავადის ქალი. მაშინდელ მთავრობაში ავტორიტეტის მქონე და საჩხერელთა დიდი პატივისმცემელი. – მ.ბ.).

როცა აკაკი რუსეთიდან დაბრუნდა, როსტომმა აიღო ფული და მას მისცა, – ელისაბედს მიუტანეო.

აკაკის ეს ფული შემოეჭამა.

როსტომმა  ეს ამბავი გაიგო და შვილს უსაყვედურა თურმე:

– რატომ არ მოუტანე ფული?

– რად გინდა, მამა, ის მთა? თუ ასე გიყვარს, შენთან უფრო ახლოს არ  არის? მიაჩერდი და უყურე, რამდენიც გინდა. აქედან შენ უყურე, იქიდან ელისაბედმა. სარგებლობა მაინც არაფერი გაქვთ მაგ მთიდან“…

•••

ხოჯანა სალარიძის მოგონებებიდან:

„… აკაკი თავადისშვილებს სძულდათ, რომ გლეხის მხარეზე იყო, გლეხი ებრალებოდა, იმას დაადგეს ნათელი!

აკაკი სათევზაოდ ხშირად დადიოდა. დაკირავდა წყალს, ჩიხურას ზემოთ აყვებოდა ხოლმე. წერის დროს ადგებოდა, ბაღში ჩავიდოდა, მერე დაჯდებოდა და დაწერდა. ჭიათურის მადანი აკაკიმ აღმოაჩინა. სამი დღის მოსული იყო რუსეთიდან სხვიტორში. ჭიათურის თავზე ერთი თავადი ესახლა, დავითაშვილს ეძახდნენ. თავადიშვილები დაპატიჟა, მათთან აკაკიც. იქაურ გაფრინდაშვილებს შავი ქვის პლასტები გაეკეთებინათ ყორედ. აკაკიმ რომ დაინახა, მივიდა, მოტეხა. მოტეხილი მზეზე ბრჭყვინავდა. აკაკი გადაირია:

– რა ვნახე და რა ვნახეო!.

აკაკიმ ისადილა, მერე მასპინძელს ცხენი გამოართვა, რომ ქალაქში წაეღო შავი ქვა. მერე იტალიელები ჩამოიყვანა, ფრანცუზებიც ჩამოვიდნენ, გზები გაიყვანეს და წარმოება დაიწყო.

აკაკიმ ერთი გლეხის შვილი აკურთხებინა მღვდლად. მასთან ბაზრელი მღვდელი დადიოდა ხშირად. იმან უთხრა ერთხელ, – მადლობას გწირავთ, ბატონო, რომ გლეხის შვილი მღვდლად აკურთხეთო.

– გაგეხარდათ, ერთი „მოშენიკი“ რომ შემოგემატათო, – უთხრა აკაკიმ („მოშენიკებად“ მონათლა მღვდელები).

ერთი იოსებ მოსიაშვილი იყო, მამამისის – როსტომის ყმა. ხშირად აბრაზებდა ბატონს. დაწერა როსტომმა ქაღალდი და ამ მოსიაშვილის ხელით გაუგზავნა „ნაჩალნიკს“, ეს ყმა მაწვალებსო. მანაც მიუტანა „ნაჩალნიკს“, რომელმაც წაიკითხა და უთხრა, – გაგიწვალებია ბატონიო.

– გადმოაბრუნეს ეს კაცი, სცემეს და სცემეს. თავისი გასალახი ქაღალდი თვითონ მიიტანა“…

•••

სერგო გერსამიას მოგონებებიდან:

„1879 წელს, როდესაც აღდგენილ იქნა ქართული პროფესიული თეატრი, სამოქმედო ასპარეზი გაფართოვდა და დაარსდა დრამატული კომიტეტი. ამ კომიტეტის წევრად აკაკიც აირჩიეს. კომიტეტის წევრთა შორის დაიბადა აზრი, დაეარსებინათ დრამატული საზოგადოება და მის მუშაობაში უფრო მეტი გულშემატკივარი მიეზიდათ. ამ აზრის ერთ-ერთი მოზიარე აკაკიც იყო.

შედგა საზოგადოების დამფუძნებელთა ჯგუფი 29 კაცისგან, რომელთა რიცხვში იყვნენ აკაკი, ილია, რაფიელ ერისთავი და სხვა მწერლები თუ საზოგადო მოღვაწეები. 1880 წლის 20 ივნისს „ნამესტნიკმა“ წესდება დაამტკიცა და შემდეგ მოაწყვეს საზოგადოების წევრთა პირველი კრება, სადაც არჩეულ იქნა გამგეობა. პირველი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს ილია ჭავჭავაძე, ხოლო  მოადგილედ აკაკი  წერეთელი.

ამის შემდეგ საქართველოში სათეატრო საქმეს დრამატული საზოგადოება ხელმძღვანელობდა. ის ხან უშუალოდ აწარმოებდა სეზონებს, ხან კიდევ ანტრეპრენიორებს გადასცემდა ამის უფლებას, თვითონ კი საერთო მეთვალყურეობას უწევდა და სუბსიდიებით ეხმარებოდა.

ერთ-ერთი სეზონის ანტრეპრენიორობა აკაკისაც ხვდა წილად. ეს მოხდა სრულიად შემთხვევით და სწორედ ისეთ დროს, როცა საქმე გაჭირდა. დრამატული საზოგადოება ჯერ კიდევ ახალი ჩამოყალიბებული იყო და არ ჰქონდა ნივთიერი შესაძლებლობა, სეზონი დაეწყო. ეს იყო 1880-81 წლის სეზონი. ილიას თხოვნით ეს მძიმე საქმე აკაკიმ იკისრა. ამის შესახებ თვითონ  მგოსანი გვიამბობს:

„ – ერთხელ მოვიდა ჩემთან ილია ჭავჭავაძე და, სხვათა შორის, თეატრის შესახებაც ჩამოვარდა ჩვენს შორის შემდეგი საუბარი:

– კაცო,  ე თეატრი რო აღარა გვაქვს, რას იტყვი შენ? – დამეკითხა მოწყენით. – ძლივძლივობით როგორც იქნა, საზოგადოება მივაჩვიეთ თეატრს. ახლა კი ისევ უნდა გადავავიწყოთ.

– ეგ მეც მაღონებს, ცოტა არ იყოს, – ვუპასუხე მე.

– ბევრი ვეცადე, მაგრამ არა გამოვიდა რა. ახლა აღარ შეიძლება, დაგვიანებულია, სხვას მივეცით ეგ დღე.

– ტყუილა კი არ არის ნათქვამი, საზიარო ყანა თხამ შეჭამაო! ბევრი მეთაური რომ ჰყავდა, ერთმანეთის ჯიბრით გააფუჭეს საქმე.

– ერთმანეთის ჯიბრით თუ დაიმედებით, არ ვიცი, მაგრამ ე თეატრი კი დაკარგეთ და!..

– ვითომ აღარ ეშველება რა?

– ეშველება, თუ შენ მოინდომებ.

– მე?

– ჰო, შენ! ქუთაისში როგორც მოახერხეთ, ახლაც დროებით სცენა გავმართოთ სადმე და შენ ითავე. რაფიელ ერისთავი ამხანაგად გეყოლება, მეუნარგია მდივნად. ჩვენც ყველა დაგეხმარებით და საქმე როგორმე ეგებ მოვაგვაროთ.

– ეგ მოუხერხებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი, როცა რამეს აკეთებს, გმირია, მაგრამ მეორე თუ ამოუდგა გვერდით, აღარც ერთი აღარ ვარგა, ერთი მეორეს ხელს უშლიან და ალაყებენ.

– კარგი ერთი, რა დროს ხუმრობაა?

– არა, მე არ ვხუმრობ! ეს არა თუ დღეს, ისტორიულადაც აგრე ყოფილა ქართველებში: დიდი მოურავი გიორგი სააკაძე და არანაკლები გმირი ზურაბ ერისთავი რომ ორივე ერთსა და იმავე დროს არ ყოფილიყვნენ, ვინ იცის, საქართველოს საქმე უკეთ წავიდოდა.

– და მაგითი რა გინდა რომ სთქვა თეატრის შესახებ?

– ის, რომ სანამდე ბევრნი მეთაურები იქნებიან, კომიტეტი და ქველმოქმედებაზე შემდგარი თეატრიც ვერ  იხეირებს. საჭიროა ერთმა ვინმემ აიღოს ანტრეპრიზა, შემოიღოს დისციპლინა, რომ არტისტები თავაღებული არ იყონ და ნელ-ნელა გამობრუნდება საქმე.

– მაშინ ხომ არტისტებს გადაწყვეტილი ჯამაგირი უნდა დაენიშნოს?.

– რასაკვირველია.

– ჰოდა, ვინ გაბედავს, იკისროს?

– მე ვიკისრებდი, რომ შეძლებული ვიყო.

– იკისრებდი? მაშ, დიდ ჯამაგირს ნუ დაუნიშნავ და თუ შემოსავალი ვერ დაფარავს ჯამაგირს, მე ვიღებ თავზე, რომ ჯამაგირის მხრით არტისტები უზრუნველიყონ. შენ კი დაიწყე და, თუ საჭირო იქნება, მე მოვაგვარებ ხოლმე ფულებს“.

ჩვენ არ შევეხებით აკაკის შეხედულებას, მხოლოდ  ავღნიშნავთ, რომ მან ასეთ პირობებში იკისრა ანტრეპრიზა და შეუდგა სეზონის ორგანიზაციას.

მოლაპარაკება გაიმართა ცნობილ სომეხ საზოგადო მოღვაწე არწრუნთან, რათა მას თავის ქარვასლაში (იქ, სადაც ახლა გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრია) მოეწყო თეატრი. არწრუნი დათანხმდა. შენობა საჩქაროდ გადააკეთა, მორთო და ქართულმა დასმა აქ დაიწყო წარმოდგენების გამართვა.

ანტრეპრენიორმა პირველხარისხოვან მოთამაშეებს დაუნიშნა თვიური ხელფასი 100-100 მანეთი და ბენეფისი, მეორეხარისხოვანთ – 70-70 მანეთი და ნახევარი ბენეფისი, მესამეს – 45-45 მანეთი, ხოლო მეოთხეს – 35-35 მანეთი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა – რეჟისორობა და ადმინისტრატორობა თვით მგოსანმა იკისრა. საქმე თავიდან კარგად მიდიოდა. დასის წევრთა შორის არსებობდა მეგობრული კავშირი, ყოველთვის დიდძალი მაყურებელი ესწრებოდა. აკაკი ამბობს:

„ – თეატრი ყოველთვის სავსე იყო ხოლმე და შემოსავალი არათუ გვყოფნიდა ჯამაგირად, კიდეც გადააჭარბა. წარმოდგენა გვქონდა კვირაში ერთხელ. მერე იმავე პიესას იმ კვირაშივე ვითამაშებდით გავლით გორში და მერე ქუთაისში. საზანდრები მთელი დასტით თან დაგვყავდნენ. რასაკვირველია, ჩვენი ხარჯით და ქირით. საზანდარიც გარეშე გვყავდა დაქირავებული და ყველა ამას არათუ ჰყოფნიდა, კიდეც აჭარბებდა შემოსავალი“.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე კარგად მიდიოდა, თვით აკაკისთვისაც უსიამოვნო ამბავი დატრიალდა. მუშაობის წესიერად დაყენებამ და უმთავრესად კარგმა შემოსავალმა მსახიობთა ერთ ნაწილში შექმნა აზრი, რომ მათ თვითონ ჩამოაყალიბონ ამხანაგობა, თვითონ ჩაუდგნენ თეატრს სათავეში და ანტრეპრენიორს არ დაემორჩილონ. ეს აზრი განსაკუთრებით მკაფიოდ წამოიჭრა ქუთაისში გასტროლებზე ყოფნის დროს.

სეზონის მიწურულში დასი საგასტროლოდ ქუთაისში ჩავიდა. მათი ჩასვლა დაემთხვა იმ დროს, როცა იქ სათავადაზნაურო ბანკის კრება მიმდინარეობდა. ვის არ მოეხსენება ჩვენში „ბანკოვიადის“ ისტორია. მთელი დასავლეთ საქართველოს ინტელიგენცია და თავადაზნაურობა ქუთაისში იყო თავმოყრილი. ამან კი წარმოდგენების გამართვას ძლიერ შეუწყო ხელი. ყველანი ცოლებითა და ნათესავებით გართობის მიზნით თეატრში დადიოდნენ. ორი წარმოდგენა დაიდგა ზედიზედ და თეატრიც მაყურებლებით ყოველთვის გაჭედილი იყო..

დასს 5110 მანეთი მოგება დარჩა. მგოსანი სიხარულისგან ფეხზე აღარ იდგა და მომავალი სეზონის გეგმებს აწყობდა, მაგრამ ასეთმა შემოსავალმა დასის ზოგიერთ წევრს სხვანაირი ფიქრი დაუბადა:

– აკაკი ჩამოვიცილოთ, შევადგინოთ მსახიობთა ამხანაგობა და საქმეს თვით გავუძღვეთო. მათ სხვებიც აიყოლიეს და აკაკის გამოუცხადეს:

– აწი აღარ გემორჩილებითო, – მიატოვეს და ჩამოვიდნენ თბილისში.

აკაკიმაც ანტრეპრიზას თავი დაანება“…

დატოვე კომენტარი