საარქივო მასალების  საქაღალდედან [I ნაწილი]
საარქივო მასალების  საქაღალდედან [I ნაწილი]

ჩვენი საოჯახო მასალების ერთ-ერთ საქაღალდეს (ჩვენი ბინის ნგრევასა და ხანძარს შემთხვევით რომ გადაურჩა,) მამაჩემის, დავით ბუზუკაშვილის ლამაზი კალიგრაფიით აწერია –  „საარქივო“. მასში ძალზე ვრცელი, თემატურად მეტად მრავალფეროვანი მასალააა თავმოყრილი. ვის ან რას გინდათ, რომ არ ეხებოდეს. როგორც ჩანს, სხვადასხვა არქივებში მუშაობისას არის ამოწერილი. არ ვიცი რატომ ამოწერა, რისთვის შეინახა, რაში სჭირდებოდა ან რას აპირებდა. ფაქტია, მასალები, მართლაც, საინტერესოა. I ბლოკის ფორმატში გთავაზობთ ფრაგმენტებს „საარქივო მასალების“ საქაღალდედან. მეორე ბლოკს მომდევნო პუბლიკაციაში შემოგთავაზებთ.

მარინა ბუზუკაშვილი

 

1927 წლის 4 იანვარი. – შალვა ცინცაძის ბარათი პეტრე მელიქიშვილისადმი გერმანიაში მივლინებით გამგზავრების წინ.

დიდად პატივცემულო ბ-ნო პეტრე გრიგოლის ძე!

მოგილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ ბედნიერ და ჯანმრთელ ცხოვრებას!

მოგიკითხათ ბ-ნმა ზელინსკიმ. ბ-ნი პრიანიშნიკოვი ახლა მოსკოვში არ არის. მივიღე თქვენი გამოგზავნილი წერილი, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ.

თქვენ მწერთ, რომ განათლების კომისარიატს მოუთხოვია ჩემი ნაშრომები. სამწუხაროდ, კომისარიატს ჩემს ნაშრომებს არ ვუგზავნიდი. გიგზავნიდით თქვენ, უნივერსიტეტის რექტორს და აგრონომიული ფაკულტეტის თითქმის ყველა წევრს.

მომავალში, რასაკვირველია, როცა ჩემი მორიგი ნაშრომები დაიბეჭდება, მაშინ განათლების კომისარიატშიც გავაგზავნი. როგორც წინა წერილში გწერდით, აქ შუამდგომლობა მაქვს აღძრული საგარეო საქმეთა კომისარიატში, რომ მომცენ საზღვარგარეთის პასპორტი. პასპორტს, ალბათ ამ ერთ თვეში მივიღებ და გავემგზავრები გერმანიაში.

ამ ორი-სამი თვის განმავლობაში პრიანიშნიკოვის ლაბორატორიაში ვმუშაობდი ცხიმების გამოკვლევის ზელინსკისა და ჩემი მეთოდის გამარტივებაზე. გამოვიმუშავე ძლიერ უბრალო აპარატი, რომელიც, წინასწარი ცდების მიხედვით, კარგი უნდა დარჩეს. ახლა დეტალურად ვიკვლევ ამ საკითხს.

მომიკითხეთ ბატონი მელქისედეკი, ქ-ნი ნინო, ბ-ნი მიხეილი და ქ-ნი სოფიო.

მარად თქვენი პატივისმცემელი შალვა.

 

•••

1885 წლის 22 აგვისტო. –  გაზეთ „დროების“ გამომცემლის გ. ქართველიშვილის განცხადება ა. დონდუკოვ-კორსაკოვის სახელზე, რომ ი. მაჩაბლის მაგივრად გაზეთის რედაქტორად დაამტკიცონ ი. ჭავჭავაძე.

განცხადება

იმის გამო, რომ ჩემს მიერ გამომავალი ქართულ გაზეთ „დროების“ პასუხისმგებელი რედაქტორი, ბუნებისმეტყველების მეცნიერებათა კანდიდატი, თავადი ივანე გიორგის ძე მაჩაბელი თავიდან იხსნის ამ წოდებას, მაქვს პატივი, უმორჩილესად ვთხოვო თქვენს ბრწყინვალებას შუამდგომლობა, რათა გაზეთ „დროების“ რედაქტორად დამტკიცდეს თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, რომელიც ამჟამად გამომავალ ყოველთვიურ ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელს წარმოადგენს.

ამასთან ერთად, მაქვს პატივი, განვაცხადო, რომ ამის თაობაზე უკვე წარმოდგენილია განცხადება ბეჭდვითი საქმის მთავარ სამმართველოში ამავე თარიღით.

გიორგი დავითის ძე ქართველოვი.

22 აგვისტო, 1885წ.

ქ. ტიფლისი

 

•••

1885 წლის 16 სექტემბერი. –  გაზეთ „დროების“ გამოცემის შეწყვეტის დეპეშა.

საიმპერატორო ტელეგრაფი.

ტიფლისი

პეტერბურგიდან გადმოცემულია 1885 წ. 3 ს. 30 წ.

თბილისში მიღებულია 1885 წ. 6 ს. 15 წ. ტიფლისი.

კავკასიის სამოქალაქო ნაწილის მთავარმმართებელს.

1883 წ. 52 სტატიის დამატების 4 ფურც.

 

ცენზურის დადგენილების შენიშვნის საფუძველზე გაზეთ „დროების“ გამოცემა საერთოდ შეწყვეტილია. გთხოვთ, გასცეთ შესაბამისი განკარგულება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველი

(ხელმოწერა)

სახელმწიფო მდივანი დურნოვოი.

 

•••

1885 წლის 27 სექტემბერი. –  ვ. როგეს შეტყობინება კ.  აკილოვისათვის გ. ქართველოვის, ი. მაჩაბლისა და ი. ჭავჭავაძის განცხადებების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ქართულ გაზეთ „დროების“ გამოცემის საერთოდ შეწყვეტის განკარგულების თანახმად, მაქვს პატივი, ბ. მთავარმმართველის დავალებით დავუბრუნო თქვენს აღმატებულებას განვლილი 28 აგვისტოს №1811 თქვენს  წერილთან ერთად მოტანილი ქართულ გაზეთ „დროების“ ყოფილ გამომცემელ ქართველოვის და ამ გაზეთის რედაქტორის თავად მაჩაბლის, აგრეთვე ყოველთვიური ქართული ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემლის თავად ჭავჭავაძის განცხადებები „დროების“ რედაქტორობის გადაცემის შესახებ თავად მაჩაბლიდან თავად ჭავჭავაძისათვის.

გთხოვთ, მოწყალეო ხელმწიფევ, ერწმუნოთ თქვენდამი ჩემს სრულ პატივისცემას და ერთგულებას.

ვ. როგე

სწორია: საქმეთა მწარმოებლის

თანაშემწე ა. სამოილენკოვი

 

•••

1897 წლის 9 იანვარი. ი. მაჩაბლის თხოვნა ბეჭდვითი საქმის მთავარ სამმართველოში ახალი გაზეთის გახსნის თაობაზე.

1883, 1884, და  1885 წლების განმავლობაში რედაქტირებას ვუკეთებდი ტფილისში წინასწარი ცენზურით გამომავალ ქართულ ყოველდღიურ პოლიტიკურ და ლიტერატურულ გაზეთ „დროებას“ (ვრემია), რომლის გამოცემაც §53 შენიშვნით (1874 წ. ცენზურის დადგენილების გაგრძელება),  1885 წ. სექტემბერში შეწყდა. მსურს ჩემივე რედაქტორობით განვაახლო აღნიშნული გაზეთის გამოცემა, რის გამოც მაქვს პატივი, უმორჩილესად ვთხოვო ბეჭდვითი საქმის მთავარ სამმართველოს, რათა ბ. შინაგან საქმეთა მინისტრისაგან გამოითხოვოს ამის თანხმობა.

ამას თან ერთვის გაზეთ „დროებისათვის“ ნავარაუდევი პროგრამა. გაზეთს გამოვცემ ყოველდღე, გარდა დღესასწაულების მომდევნო დღეებისა.

ხელმოწერის ფასი: გადაგზავნით და სახლში მიტანით წელიწადში 9 მან, ნახევარი წლით – 5 მან, სამი თვით – 3 მან, ერთი თვით –  1 მან 20 კაპ.

გამოცემა დაიბეჭდა ქართულ გამოცემათა ამხანაგურ სტამბაში. გამოცემის რედაქტირებას მე, გამომცემელი ვიღებ ჩემს თავზე.

ვცხოვრობ ქ. ტიფლისში, ოლღას ქ. №40.

ეს თხოვნა ეგზავნება კავკასიის საცენზურო კომიტეტს, რათა მან წარუდგინოს ბეჭდვითი საქმის მთავარ სამმართველოს. ამასთან, თან ვურთავ დიპლომის ასლს, რომელიც ჩემს სახელზეა გაცემული სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის საიმპერატორო საბჭოს მიერ.

თავ. ივანე მაჩაბელი.

9 იანვარი, 1897 წელი, ქ. ტიფლისი

 

გაზეთ „დროებისათვის“ მოფიქრებული პროგრამა:

  1. მთავრობის განკარგულებები.
  2. კერძო და სახელმწიფო აგენტთა დეპეშები.

III. მოწინავე სტატიები საშინაო და საგარეო ცხოვრების საკითხებზე.

  1. ადგილობრივი ქრონიკა.
  2. კორესპონდენციები.
  3. რუსული ცხოვრების ქრონიკა.

VII. უცხოეთოს ქრონიკა.

VIII. სასამართლო ქრონიკა.

  1. კრიტიკა და ბიბლიოგრაფია.
  2. სამეცნიერო სტატიები.
  3. თეატრი და მუსიკა.

XII. წვრილ-წვრილი ამბები.

XIII. ფელეტონები, ლექსები, ნოველები, მოთხრობები და სხვა ბელეტრისტული ნაწარმოებები.

XIV. ცნობები.

  1. კერძო განცხადებები.

თავ. ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

 

•••

1908 წლის 18 იანვარი. – ა. შანშიაშვილის გამოუქვეყნებელი უსათაურო ლექსი, დაწერილი მეტეხის ციხეში.

დიდი ხანია, რაც სიმთა ჟღერა

შესწყდა და აღარ მიტკბობს სმენასა,

ოჰ, აღარ არის, გამოვეთხოვე

ჩემს დამატკბობელს შვება-ლხენასა!

სევდა მტანჯველი გულს გადმეფარა

თვალიდგან ვაფრქვევ ცრემლს მდუღარესა,

ვხედავ სიკვდილსა, მაღლიდან როგორ

თავს დასტრიალებს მშობელ მხარესა!

იქ ცეცხლის ალი თვით ცასა სწვდება.

ა. შანშიაშვილი

Писал собственноручно

Александр Шаншиев.

Отделного корпуса жандармов

Штабс-ротмистр Булич.

 

•••

1803 წლის 25 მაისი. – იმერეთის დედოფალ ანას მიერ ბესარიონ და სვიმონ გაბაშვილებისათვის თავადობის სიგელის განმეორებით დამტკიცება.

წყალობითა ღვთისათა ჩვენ, იმერეთის დედოფალი ანნა, გიმოწმებთ ნამდვილსა, რომელიც თქვენდა გაბაონს ბესარიონს და სვიმონს თავადობის ხარისხისა გრამოტა და სრულიად იმერეთის მეფისა, ჩემისა სანატრელისა დავით გიორგის ძისა მიერ, რომელიცა აქნდა დამტკიცებულ იყო საკუთარითა ხელითა მისითა და სამეფოს ღერბითა და მის მიერ აწცა ძალუძს, რათა სარგებლობდეს ღირსებითა თავადობისათა, რომელსაცა ზედა ვაწერ საკუთარითა ხელითა ჩემითა და ვბეჭდავთ ღერბითა ლაქსა ზედა იმერეთის დედოფალი დარეჯან 1803 წლით 25 მაისისა მისითა ღერბითა დაბეჭდილი.

ლაქსა ზედა

ასლი თანასწორ არს, თავადი ოთარ ქობულოვი.

კოპიიდამ გადმოღებულ თანასწორად არს სოვეტნიკი თავადი დიმიტრი თარხანოვი.

1827-го года ноября 18-го дня сей документ состоявшийся в 1803-м году Верховного грузинского правительства в экспедиций суда и прасправы явлен коллежскою ассесоршею княгинею Еленою и протоиереем Давыдом Габаевым и в книгу подлинником под №56-м записан, в чем экспедиция на основании предложения г. Главноуправляющего в Грузий и кавалера Ермолова от 12 апреля 1817-го года свидетельствует.

Советник Завраленко.

Советник князь Дмитрий Тарханов.

Надсмотрщик Гавриленко.

ნამდვილი წერილი მივიღე: პროტოიერეი დავით ღაბაევი, კნეინა ელენე გაბაევი.

Верно: исправляющий должность секретаря (подпись).

 

•••

1805 წლის 11 იანვარი. – იმერეთის მეფის სოლომონის წერილი სვიმონ გაბაშვილის-გაბაონისადმი.

მის ბრწყინვალებას, თავადს გაბაონს სვიმონს მრავალი სიყვარულით საგონს მეგობარს უპირველესა ამისა ჟამისა, გაუწყა მაღალ ღირსებასა მისსა ხორციელად ძმას შენსა პროტოპოპს ნიკოლოზსა საჭერველისა, რომელისადმე თხოვნა შენდა მომართ და აწვე მასვე განგიცხადებ, რომლისა წილ ნაცვლის გებას ჩვენ მიერ უმრავლესად შესაძლებელ არს, რომელსაცა ვსცნობ და ვინაიდან ჩვენ მიერ მამებრივი სიყვარული განუშორებლად არს შენზედა. ამისთვის უმეტეს ჯერ არს შენდაცა რათამცა წერილითა შენითა ამბავსა შენსა გვაცნობებდე, რომელსა მადლობით მივიღებ იანვრისა 11 წელთა 1805.

მეფე სრულიად იმერეთისა და სხვათა სოლომონ.

ბეჭედი.

მეფე იმერეთისა სოლომონ

ასლი თანასწორ არს, თ. ოთარ ქობულოვი.

კოპიოდან გადმოწერილ თანასწორად არს, სოვეტნიკი დ. თარხანოვი.

 

•••

1783 წელი – ვახტანგ ბატონიშვილის ბრძანება ზაალ მტერიშვილისადმი.

ბატონიშვილის ვახტანგის კეთილად სახსოვარო მტერიშვილო ზაალ! მერე მანდ რომ გლახა მილახვარს მამული აქვს სადმე, გილდაშვილისსგან ნასყიდი, მაგ მამულში ვისაც ნამუშაველი ჰქონდესთ, უნდა ღალა მოერთო და ამ გლახა მილახვრის კაცს მიაბარო.

მარიამობას ქ კს უჟთ.

 

•••

1798 წელი – ალექსანდრე ბატონიშვილის წყალობის წიგნი გლახა ჭილაშვილს

წყალობითა ღვთისათა ჩვენ, დავითიან  ბაგრატიანმან, ყოვლის საქართველოსა მეფის ირაკლის მეორის ძემან, ბატონიშვილმან ალექსანდრემ ესე წყალობის წიგნი გიბოძე ნიშნად შენისა ერთგულად სამსახურისა შენ, ჩვენის ოჯახისა და ჩვენს თავდადებით ნამსახურს, მათის უგანათლებულესობას ჩვენის მამის მეფის მის ვახტანგის მილახვარს ჭილაძეს, ბაბანას შვილს გლახსა, შვილთა მომავალთა სახლისა შენისათა, რადგან ჩვენის ოჯახისა, ჩვენის ძმის ბატონის შვილის ვახტანგისა და ჩვენ ერთგულად მოსამსახურეს იყავ ამისად სამუქაფოდ გიბოძეთ ჩვენი საუფლისწულე ყმა შულავერელი იღიაზარის შვილები მარტიროზა, არუთინა და პოღოსა. ესენი შენთვის სამკვიდროდ ყმად გვიბოძებია.  ღმერთმან ჩვენის ძმის და ჩვენს ერთგულებასა შინა მოგახმაროს, არ მოგეშალოს წყალობა ესე, არცა ჩვენგან და არცა მემკვიდრეთა ჩვენთაგან.

დაიწერა წყალობის წიგნი ესე თვესა ნოემბერსა ია წელსა საქ-სა ჩღჟ ქ კს უპე.

 

გაგრძელება II  ბლოკში…