რა არის ჩვენი სიცოცხლე?!
რა არის ჩვენი სიცოცხლე?!

სამყაროს ახსნის მოსურნე ადამიანი დასაბამიდან დღემდე არაერთ მარადიულ კითხვას უტრიალებს. ერთი იმ კითხვათაგანია – რა არის ჩვენი სიცოცხლე? და მას ყველა თავისებურად პასუხობს. ქართველი კაცი ამბობს, რა არის და, წუთისოფელიო. შექსპირს თეატრი ჰგონია, კალდერონს – სიზმარი, პუშკინს – თამაში, ფარაჯანოვი კი სრულიად ორიგინალურად ასკვნის – კოლაჟიო. და ალბათ ყველა მათგანი თავისებურად მართალია. არ ვიცი, ვინ არის ავტორი ფორმულისა „ცხოვრება ბრძოლაა!”, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ ეს უკანასკნელი იქცა ჩვენი არსებობის პროგრამად. რაგინდ უარყოფითი დამოკიდებულებაც უნდა გქონდეს აღნიშნული ფორმულის მიმართ, ანონიმი ავტორის განსჯას აზრი არ აქვს, რადგან, თავის მხრივ, ისიც კაცთა მოდგმის მკაცრი ცხოვრებისეული ლოგიკით ხელმძღვანელობდა.

სამხედრო წესდება გვასწავლის, რომ ბრძოლა არის ადამიანის მთელი ფიზიკური და მორალური ძალების დაძაბვა. რამდენადაც აღნიშნულ ძალთა სრული მობილიზების გარეშე ამ ცხოვრებაში თავს ვერ გაიტან, გამოდის, „სამხედრო რეჟიმზე” იმთავითვე გადავსულვართ. მეომარ მებრძოლებად ჯერ კიდევ მანამ ვქცეულვართ, სანამ ნამდვილი ომის ქარცეცხლი დაგვატყდებოდა.

ომის მითოლოგიური ღვთაების – მარსის (შესაბამისად, იუპიტერის) აპოლოგეტ-ადეპტები ჯიუტად და არცთუ უსაფუძვლოდ შეგვაგონებენ, რომ კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიაა. და რომ ომი გმირობის, დიდების და შთაგონების ასპარეზიცაა. დიახ, შთაგონების, რადგან, თუნდაც, რომ არა ჰომეროსის მითი ტროას ომის შესახებ, ის ამბები ახლა ორიოდ ისტორიკოსს თუ ემახსოვრებოდა.

ასეა თუ ისე, ომი საშინელების გარდა, დიდი გამოცდაცაა და გაჩნდება თუ არა, შიგ ზნეში ჩაგავლებს კლანჭებს! ისიც საგულისხმოა, რომ ომის დროს ყველაფერი შიშვლდება და აშკარა ხდება: განსაცდელი საკუთარი სულის სარკის წინაშე აყენებს ძლიერსაც და მხდალსაც. ვინც გამოცდას გაუძლებს, ღირსეულია. ვინც არა და…

ომი ყველაფერთან ერთად ეკონომიკური კატეგორიაცაა. თუნდაც ის სლოგანი რად ღირს, რომლის თანახმადაც, ფული ომის კუნთებია. ომის მთელ ეკონომიკურ ფილოსოფიას კი ბერტოლტ ბრეხტისეული დედილო კურაჟის ერთი რეპლიკა იტევს: „ომისგან პურს ვერ მოიმკი, თუ ხორცით არ დააპურებო”. ამ შემზარავი ბარტერის გაანგარიშება  ჰომო საპიენსმა თავად ითაოს.

ე. წ. „ჰომო სოვეტიკუსის” წიაღიდან გამოსულთ კი ცივი და ცხელი ომები მძიმე მემ­კვიდრეობად გვერგო, რეპრესიული რეჟიმების სისხლიან გზაგამოვლილთ კი ბრძოლა იმ თავდაპირველი ფერადი (წითელი) რევოლუციური გენეტიკით დაგვემგზავრა.

ჯერ იმ საბჭოთა 70-მა წელმა, მერე კი დამოუკიდებლობის 30-მა , ანუ ჯამში მთელმა საუკუნემ, ჩვენი საბრძოლო დუღილი ვერაფრით ჩააცხრო. თავისუფალი ქვეყნის ამპლუაში ორი კლასიკური ოფიციალური ომი გამოვიარეთ – სამოქალაქო და საოკუპაციო. ისტორიის აქტივში ორიც გადატრიალება ჩავითვალეთ – სისხლიანი და ვარდების.

ამ ფონზე რა დროს რომანტიზმია, მაგრამ როგორ არ მოვიშველიო ქრესტომათიული პოეტური წინასწარმეტყველებანი: რომ „…სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი, არა დაღვრილის,  – დასაღვრელის ალბათ მაცნეა”. და რომ „სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა”!!! ეს ორივე წინასწარმეტყველება უმწარესად აგვიხდა.  ფერთა ამ გრადაციაში ჩვენმა საკუთარმა ომისა თუ ქორების პარტიებმა ბევრი სისხლი გვან­თხე­ვინეს. ვერშემდგარი შარშანდელი გადატრიალებაც გამოგვატარეს, ოქტომბრის ნაარჩევნევს კი კვლავაც გადატრიალებასა და რევოლუციაზე უჭირავთ თვალი.

მედიაომები კიდევ სხვა თემაა. რომ არაფერი ვთქვათ მოპიკირე ბომბდამშენის პრინციპით გაღვიძებისთანავე ნონსტოპის რეჟიმში თავსდაყრილ ნეგატიურ ამბებზე, სატელევიზიო თოქ-შოუები და პერფორმირებული ჰარდ-თოქები პოპკულტურის სავალდებულო ჟანრად გვექცა. ცივილიზაციის მონაპოვარმა ჰაი თექებმა იმდენად გაგვანებივრეს, რომ დედამიწის ნებისმიერ წერტილში გაგანია ომებს პირდაპირ ეთერში „ვესწრებით”. კარგად მახსოვს, როგორ დაიწყო ერაყის ომი, რომელსაც ღია ეთერში ვადევნებდი თვალს!

ჩვენთვის საორიენტაციო პოლიტიკურმა დასავლურმა მისწრაფებებმა საორჭოფოც ბევრი გაგვიჩინა – ადამიანური ვანდალიზმითა და ბარბაროსობით ესოდენ გადამ­სუ­ყე­ბულ მედიაპროდუქტთა მენიუს ვეღარ ავუდივართ და კვლავაც მოსალოდნელი სან­ქცი­ებით დატე­რო­რე­ბუ­ლებს თავში „მკრეხელური”, წვეტიანი აზრები გვიძვრება. ეჭვი გვღრღნის, რომ გვაშინებენ, გვაბრმავებენ! ფიქრობ, რომ ცხოვრებამ ფასი დაკარგა! მიუხედავად ამისა, იგი მაინც დღითიდღე ძვირდება და ქამრების შემოჭერის რეჟიმის ტყვეობაში ვართ. მახსენდება აღნიშნული კონტექსტის საილუსტრაციო კარიკატურა: საყო­ფაცხოვრებო მომსახურებაში ქამარზე ნახვრეტის დასამატებლად მისულ კლიენტს, ოსტატი პასუხობს – გახვრეტაც გაძვირდაო…

კორონა ომი კიდევ რაღა ჯანდაბა თუ ღვთის რისხვაა!!! სწორედ რომ რისხვა მთელი თავისი ბუნდოვანი, სუმბურული პროგნოზებით. ამ ყოველივეს წინაშე პირისპირ დარჩენილი უმწეო, ჩვეულებრივი ადამიანი ფიქრობს,  რომ ეს ყველაფერი არ არის და რომ ამით კიდევ რაღაც ბევრად უარესისთვის გვტესტავენ თუ გვამზადებენ. ან იქნებ, ესეც იმ წვეტიან აზრთა ნაწილია.

რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ. როგორ გავუძლოთ ამდენ ომს შიდა და გარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, რელიგიურ, ზნეობრივ, ეკოლოგიურ, ბიოლოგიურ, სამედიცინო, სამართლებრივ, ადამიანურ ურთიერთობათა ფრონტებზე. ამ ყოველივეს ხომ სადღაც ვიღაც უჩვენოდ ადგენს, წყვეტს და მართავს! მსხვერპლი კი ისევ ჩვენ და მხოლოდ ჩვენ ვართ – უბრალო ადამიანები. უბრალო არა როგორც სოციალური იერარქიის ქვედა პოზიციის ნიშნით, არამედ უ-ბრალო ანუ უდანაშაულო!

უდანაშაულო დამნაშავეთათვის ესოდენ უმოწყალო ფონზე კი ნამდვილად ვერაფერი ნუგეშია ვითომ მშვიდობიანი ყოფის არაოფიციალური სლოგანი: „ცხოვრება ბრძოლაა!!!” როგორ იბრძოლებ, თუკი პოტენციურად არ ხარ მებრძოლი და მეომარი. თუკი შენი ეს ადამიანური რაობა საბედისწერო განაჩენია! თუკი გზარავს იმავე ბერტოლტ ბრეხტის ცნობილი შეგონება: „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთო, ხალხო!” გზარავს იმიტომ, რომ ზემოაღნიშნული 11-ფრონტიანი შიდა და გარე ომები არ დამთავრებულა და ალბათ არც არასდროს დამთავრდება!

არ დასრულდება იმიტომ, რომ როგორც იგივე ბერტოლტ ბრეხტი შეგვაგონებს: „ომს ბატონები იგებენ და აგებენ მხოლოდ, ხალხი კი მუდამ წაგებულია”! არ დასრულდება  იმიტომ, რომ ჰომო საპიენსის ტვინის რომელიღაც ხვეულში მაინც გამო­ქვაბულის ბინადარი მკვიდრობს და იქიდან გვიღერებს კომბალს! არ დასრულდება, რადგან არავინ ფიქრობს იმ მწარე, ფილოსოფიას აღარ ვიტყვი და, რეალობაზე, ადამიანს სიმღერაშიც რომ აკვნესებს: „რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება”?!.

 

მარინა ბუზუკაშვილი 

დატოვე კომენტარი