მოზაიკური ფრაგმენტები ქართული წარსულიდან
მოზაიკური ფრაგმენტები ქართული წარსულიდან

ბლოკი, რომელსაც ამჯერად გთავაზობთ, მამაჩემის არქივის ნარჩენებში თავმოყრილი ქართული წარსულის ფრაგმენტებია. ამგვარი მასალები საკმაოდ ბევრია. ზოგი ფოტოფირია (მაშინ  ქსეროქსი არ იყო), უმეტესობა – საკუთარი ხელით გადაწერილი. არ  ვიცი, რატომ აგროვებდა და ინახავდა, რისთვის სჭირდებოდა, რა ჰქონდა ჩაფიქრებული. ის, რისი გადარჩევაც შევძელი, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ზნეობის ერთგვარი რეტროსპექტივაა. მამა, სხვა დანარჩენეთან ერთად, ქართული ზნეობრივი მაგალითების კოლექციონერიც გახლდათ. მიუხედავად იმ უამრავი უზნეობისა, რომელიც მისმა ოჯახმა თუ პირადად მან წარსულსა და აწმყოში სხვებისგან იწვნია, მიუხედავად იმ უამრავი უზნეობისა, ჩვენი ოჯახი და თავად იგი განადგურებამდე რომ მიიყვანა, მამა არ გაბოროტებულა. შვებას იმაში პოულობდა, რომ ცნობებს ზნეობრივ გამოვლინებებზე სადაც კი წააწყდებოდა, იწერდა და ინახავდა, აგროვებდა. ამით, ალბათ, ერთგვარ სულიერ კომპენსაციას ელტვოდა. დაუნდობელ, სასტიკ რეალობას იბალანსებდა.

 მარინა ბუზუკაშვილი

 

* * *

კონსტანტინე გამსახურდიას ეს მოგონება მამას დიდი მწერლის ნაამბობიდან ჩაუწერია. ამბობდა, ეს ფრაგმენტი მერე მის თხზულებათა 8-ტომეულშიც შევიდაო:

„1923 წელს პარიზში ვინახულე ექვთიმე თაყაიშვილი. ხანგრძლივად მესაუბრებოდა საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხების გამო. როგორც ცნობილია, ექვთიმე თაყაიშვილი 1921 წელს თან გაჰყვა მენშევიკების მიერ წაღებულ საქართველოს სიძველეთა საგანძურს და  მრავალი წლის განმავლობაში ცერბერივით დარაჯობდა. იმ წელს ბარე 8 თვის მანძილზე ვმუშაობდი პარიზულ ნაციონალურ ბიბლიოთეკაში. იმ ხანებში „დიონისეს ღიმილს“ ვწერდი, თანაც აღმოსავლეთის  ისტორიას ვსწავლობდი. ბოლოს მდგომარეობამ მოითხოვა ჩემგან სამშობლოში დაბრუნება.

1940 წელს მე ვიმოგზაურე ოსეთში. მოვინახულე შესანიშნავი ტაძრები: თირი, თიღვა და ბარე სამი უძველესი ბაზილიკა. მეგზურად მყავდა ერთი ცალთვალა მოხუცი ოსი, რომელმაც 4 საათის მანძილზე მატარა. 14 კილომეტრი ძლივს გავიარეთ და ერთ უძველეს ბაზილიკას მივადექით. ჩემმა მეგზურმა ვერ მითხრა ამ ტაძრის სახელი. დღესაც არ ვიცი, რა ერქვა ამ ძეგლს. ესღა მითხრა ოსმა: – „აქ არასოდეს არავინ ამომიყვანია გარდა ერთი კოჭლი კაცისა, რომელიც 20 წლის წინათ მოგზაურობდა ოსეთში“. მე გამოვკითხე სხვა დეტალები და მივხვდი ეს იყო ექვთიმე თაყაიშვილი. აგრე დაუღალავად დადიოდა მთელ საქართველოსა თუ ოსმალთა მიერ მიტაცებულ ჩვენს პროვინციებში ეს საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“…

 

* * *

ვინ იყო ნესტორ გარდაფხაძე, მე, სამწუხაროდ არ ვიცი. მიუხედავად ამისა, მამას ხელით ამოწერილი ეს ფრაგმენტი მაინც შთამბეჭდავად მეჩვენება და ვფიქრობ მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება:

„… რამდენი ბრძოლა გადაიხადა ნესტორ გარდაფხაძემ, სად არ იომა, ღირსეულადაც ბევრჯერ გაიმარჯვა. ერთხელ ერევნის გათავისუფლების შემდეგ, მადლიერმა სომეხმა ხალხმა პლატინის მედალიც კი აჩუქა ქართველ ოფიცერს შესაბამისი წარწერით. ერზერუმში ყოფნისას იქაურმა ფაშამ ნესტორს ულამაზესი, დარახტული თეთრი რაში აჩუქა. სამაგიეროდ კი ნესტორის კარაბინი მიიღო საჩუქრად. ზოგჯერ ასე ღირსეულად ხვდებოდნენ ყოფილი მტრები ერთმანეთს. მათ, მართლაც კარგად იცოდნენ ვაჟკაცობის ფასი…

საშა გეგეჭკორმა ნესტორ გარდაფხაძეს შემოუთვალა, სვანეთიდან ჩამობრძანდი და არას გერჩიო. ნესტორი მუშნი და ოთარ დადიანებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. კომუნისტებმა აქაც არ უღალატეს ორპირ ბუნებას – გატეხეს სიტყვა და ისინი მეტეხის ციხეში გამოამწყვდიეს. მერე კი სამივე თანამებრძოლი ერთად, გვერდიგვერდ მდგომი დახვრიტეს“…

 

* * *

დავით გაბრუაშვილის ეს პუბლიკაცია 1914 წლის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებიდან“ გახლავთ ამოწერილი და ცნობილი ქველმოქმედის, სტეფანე ზუბალაშვილის ერთ ჩანაფიქრს შეეხება:

„ნეტარხსენებული სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის ოჯახთან დაახლოების ბედნიერება მომეცა 1892 წელს. იმასთან ყოფნა ხშირად მიხდებოდა…  ბევრი კარგი საქმე მახსოვს იმისი ცხოვრებიდან, მაგრამ ყველას ვინ მოთვლის. ერთხელ თავის უმცროს ძმას, იაკობ კონსტანტინეს ძეს, ჩემთან ეუბნება:

– იცი, ძმაო, რა გითხრა! ჩვენ რომ ღმერთი გვაძლევს, ჩვენც ხელგაშლით უნდა ვიყოთ, რომ ხალხს სარგებლობა მოვუტანოთ, თორემ ზედ რომ კრუხებივით დავასხდეთ, ბევრს ვერაფერს გამოვჩეკავთ, ჩვენთვისაც დაკარგული იქნება და ხალხისთვისაცო…

მამა რომ გარდაეცვალათ, როგორც ვიცი, ოთხივე ძმამ ასი ათასი მანეთი გადასცა საკულტებო დაწესებულებათა სასარგებლოდ თავიანთი მამის სახელზე. მეორე დღეს ნეტარხსენებულმა სტეფანემ მკითხა:

– ჩვენ, ძმებმა, ასი ათასი მანეთი გადავდეთ ჩვენი მამის სამახსოვროდ, მხოლოდ ის კი ვერ გადაგვიწყვეტია, რას მოვახმაროთ. შენ რა აზრის იქნები: რა სჯობია, რომ გაკეთდეს?

–  მე როგორ შემიძლია, მაგისთანა დიდ საქმეზე პასუხი მოგახსენოთ?

–  რატომ, რატომ! მე კეთილგონიერ კაცად მგონიხარ, როგორც მწერალი და კარგი ქართველი. შენი სიტყვა ჩემთვის მტკიცე ბეჭედი იქნება.

– მაშ გაგიბედავთ…

– სთქვი, სთქვი, ნუ გეფიქრება.

– მოგეხსენებათ, რომ განსვენებულმა როინიშვილმა ქართულ წერა-კითხვის საზოგადოებას 800 თუმნად ღირებული თავისი მუზეუმი დაუტოვა?“

– ვიცი, როგორ არ ვიცი, მოსაწონი საქმე ჩაიდინა.

– მხოლოდ, რადგან წერა-კითხვის საზოგადოებას ალაგი არ მოეპოვება, ეს ძვირფასი განძი ერთ კუნჭულში უყრია. ჩემი აზრით დიდებული საქმე იქნებოდა ეგ თანხა ქართული მუზეუმის შენობისათვის მოგეხმარათ.

– მართალია, მაგრამ რადგანაც არ გვინდა, სხვა ერმა ნაციონალისტობაში ჩამოგვართვას, ვფიქრობ ყველა ეროვნებისათვის ერთი რამ აშენდეს, სადაც უფრო მუშა ხალხს შეეძლება სარგებლობა, ე.ი. სახალხო სახლი.

– ეგეც დიდებული საქმეა.

– მეც აგრე მგონია. მაშინ ყველა ერის მუშა ხალხს შეძლება მიეცემა, ერთმანეთს უფრო დაუახლოვდეს და ურთიერთს გაეცნოს, როგორც წარმოდგენებით, ისე ლექციებით და ბიბლიოთეკით. მხოლოდ, რასაკვირველია, უმთავრესი ხმა ქართველს მიეცემა. გუნებაში მაქვს, ყველა წესიერად მოვმართო და ისე გადავცე ქალაქის გამგეობას, რომ ერთი ნემსი საყიდელი არა ჰქონდეს.

– როგორც თქვენ ბრძანებთ, ეგ თანხა არ გეყოფათ!

– ეგ არაფერია. ჩემმა ძმებმა, რაც თავიანთი წილი გადადეს, ისიც რომ უკან წაიღონ, მე მაინც ავაშენებ…მაგას რომ მოვრჩები, მერე შევუდგები ქართული თეატრისა და მუზეუმის აშენებას. მაგისთვის ალაგიც ამორჩეული მაქვს, იცი სადა? – სასტუმრო „ლონდონის“ გვერდით რომ ცარიელი ალაგია, იქა ვფიქრობ ავაშენო: ქვეშ მუზეუმი, მაღლა თეატრი. ისეთი შენობა ავაგო, რომ მთელ ქვეყნიერებაზე არ იყოს იმისთანა…

აი, რის გაკეთებას მოველოდით ამ დიდებულ კაცისგან, რომ ულმობელ სიკვდილს უდროოდ არ მოესწრო…“