მე და მამა ვმუშაობთ
მე და მამა ვმუშაობთ
დავით ბუზუკაშვილი რადიორეპორტაჟისას

მამაჩემის – საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის, დავით ბუზუკაშვილის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა და მინდა „რეტროსპექციის” პლატფორმაზე გავიხსენო. მით უმეტეს, რომ ის ამას ნამდვილად იმსახურებს. 2005 წელს ნაქირავებ თავშესაფარში გარდაიცვალა. წავიდა ისე, რომ 91 წლის ასაკამდე 1 თვე და 2 დღე დააკლდა.

ქართულ ჟურნალისტიკაში 1939 წელს – უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე შეაბიჯა. უნივერსიტეტში მისი პედაგოგები იყვნენ ქართული აკადემიური ელიტის, უნივერსიტეტის დამფუძნებელი მამების უკლებლივ ყველა კორიფე და ცოდნასთან ერთად მათგან მიღებული პოზიტიური ენერგეტიკა მამას მთელი ცხოვრება ასულდგმულებდა. პროფესიული სტარტი გაზეთ „ნორჩ ლენინელში” აიღო. შემდეგ იყო გაზეთი „გამარჯვება” (შემდგომში „კომუნისტი”). მერე, როგორც პოლიტიკური რეპრესიების შედეგად „ხალხის მტრად” შერაცხული ოჯახის შვილი, თბილისს გაერიდა და ახალგაზრდობის საუკეთესო წლები ოჯახიდან მოწყვეტით გაატარა. ჯერ აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებულ ბაშკიჩეთში (დღევანდელ დმანისში) იცავდა ქართულ სიტყვას, იქიდან კი მცხეთის რაიონულ გაზეთში გადაინაცვლა. თბილისში 50-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა და სახელმწიფო რადიოს საინფორმაციო სამსახურში „უკანასკნელ ცნობათა” რედაქტორად დაინიშნა. შემდეგ იყო გაზეთ „საქართველოს კოოპერატორში”, სადაც 1960 წელს მივიდა. ცეკავშირის სისტემაში მთელი 42 წელი დაჰყო. იქვე დააარსა კოოპერაციული მუზეუმი. 1996 წ. სწორედ იმ მუზეუმში მიღებული სამსახურებრივი ტრავმით დაინვალიდდა (იატაკიდან ამოვარდნილ პარკეტის ფილას ფეხი წამოჰკრა და მენჯ-ბარძაყი მოიტეხა). დახეიბრებულმა დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი დაკარგა, ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა და ასე დაასრულა შრომითი პრაქტიკა. თუმცა, ქართულ პერიოდიკაში ის 2003 წლამდე იბეჭდებოდა. წლების მანძილზე არქივებში „კირკიტით” სტრიქონ-სტრიქონ მოიძია და აკინძა ისტორიული მასალები სამომხმარებლო კოოპერაციის ფასდაუდებელ ღვაწლზე ქართული კულტურის წინაშე. ქართულსავე არქივებში მიაკვლია აგრეთვე უცნობ ისტორიულ დოკუმენტებს აზერბაიჯანული კოოპერაციის შესახებაც, რისთვისაც აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან დიდი მადლობა ოფიციალურად დაიმსახურა.

ყოველივე აღნიშნული მამას ბიოგრაფიის ოფიციალური ნაწილია. ამ სტატისტიკურ მონაცემთა მიღმა კი მისი ინტერესების დიაპაზონი ძალიან, ძალიან ვრცელი იყო. ეს „ძალიან, ძალიან” ძალიან საშური გახლდათ იმ საქმისთვის, ამ ძალიან პატარა კაცს (ტანმორჩილობას ვგულისხმობ) რომ უკეთებია. თუმცა, ძალიან ბევრმა, შესაძლოა, არც იცოდა, რომ ის საქმე სწორედ დავით ბუზუკაშვილის ნაღვაწი იყო. ეს იმიტომ, რომ იმ საქმის ავტორი თავად გახლდათ ძალიან, ძალიან, ძალიან უხმაურო, უპრეტენზიო და მორიდებული (ამდენმა „ძალიან” უნებურად გამახსენა 90-იანების დასაწყისში სანკტ-პეტერბურგში ჩატარებული ერთი ორიგინალური ფესტივალის სათაური – „Очень-92″. ფესტივალის, რომლის შეფასების კრიტერიუმიც იყო სწორედ მსაზღვრელი „ძალიან” როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მნიშვნელობით).

საქმეს კი, დავით ბუზუკაშვილს  ოფიციალური ჟურნალისტური პრაქტიკის მიღმაც რომ უკეთებია, ქართული არქივების, სამუზეუმო ფონდების, წიგნთსაცავების, პირადი საოჯახო კოლექციების, ბუკინისტური და ბიბლიოგრაფიული იშვიათობების, ხელნაწერი და მემორიალური არტეფაქტების, ძველი პერიოდიკის კვლევა, შესწავლა და გაანალიზება ჰქვია. მტვერწაყრილი ანალებიდან რა აღარ ამოწია და გამოამზეურა.

დავით ბუზუკაშვილი

ოღონდ სასურველი ინფორმაცია მოეპოვებინა და გეოგრაფიულ საზღვრებსაც არ დაგიდევდათ. იმ უძრაობის დროს მასალებს საგანგებოდ იწერდა მოსკოვ-ლენინგრადის ბიბლიოთეკებიდან, იმავე ბახრუშინისა თუ სხვა მუზეუმებიდან. გამოჩენილ მოღვაწეთა პირად არქივებს თბილისში რომ არ სჯერდებოდა, მათ მშობლიურ რაიონებში მემორიალურ სახლებს აკითხავდა. ამ ყოველივეს სრულიად უანგაროდ, მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმის ამარა, ზოგჯერ კი აშკარა სასიცოცხლო რისკის ხარჯზე აკეთებდა. მაგალითად, კრამსკოის ცნობილი ფერწერული ტილოს „უცნობი ქალის” შესახებ ინფორმაციას თელავის რაიონულ გაზეთში წააწყდა და მაშინვე იქ გაქანდა. მერე კი, ბახრუშინის მუზეუმიდან „русский архив”-ის მთელი ის დასტა გამოიწერა, რუსეთის იმპერატორის კარზე ცნობილი ფრანგი დიპლომატის ბარონ ბუდბერგის წერილებს რომ შეიცავდა. თვალზე კატარაქტის გამო კარგად ვეღარ ხედავდა და მთხოვდა, ბუდბერგის წერილები ქართულად შენ თარგმნეო. ჩემდა სამარცხვინოდ და სამწუხაროდ მაშინ ვერ მოვიცალე. წუხდა, დამოუკიდებლად გადაადგილება რომ შემეძლოს, წავიდოდი და მოსკოვ-ლენინგრადის საცავების მივიწყებულ, ბნელ სარდაფებში აუცილებლად აღმოვაჩენდი ბარბარე თურქესტანიშვილის ფერწერულ პორტრეტებს. ის ქალი საიმპერატორო კარის კაშკაშა ვარსკვლავი და საყოველთაო აღფრთოვანების ხატება იყო. შეუძლებელია, რომ კარის მხატვრები მისი პორტრეტების შექმნით არ დაინტერესებულიყვნენ.

აქაურ არქივებში ჩუმ-ჩუმად და სწორედ რომ დიდი რისკის ფასად, მამა ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა კვლევასაც სერიოზულად ეწეოდა, რაც ოფიციალური საბჭოთა რეჟიმის მიერ მკაცრად ტაბუირებული თემა იყო. ათწლეულების მანძილზე უანგაროდ, საკუთარი შიშველი ენთუზიაზმისა და რისკის ფასად, მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა. ამ საქმეში მეტად ემად­ლიერებოდა შესაბამისი ფონდების მისდამი კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომლებიც ფარულად ხელს უწყობდნენ კვლევაში. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აღნიშნულის შესახებ გარკვეულ სამსახურებს ატყობინებდნენ. ამის გამოც მამა ხელისუფლებისათვის არასასურველ „ელემენტად” იყო შერაცხული. მამაჩემისადმი ზემდგომი ორგანოების განაწყენება ჯერ კიდევ იმ დროიდან მოდიოდა, როცა საბჭოთა კავშირში პრესით გაჩაღებულ ანტიისრაელურ კამპანიაში ჩართვა მოსთხოვეს.

ზოგიერთმა ებრაელმა მაშინ გაზეთები ააჭრელა ისრაელის სახელმწიფოს ლანძღვა-გინებითა და გმობით. ხელისუფლებამ ჯეროვნად დააფასა მათი ეს სამსახური და იმ კამპანიის მონაწილენი ე. წ. ეროვნულ უმცირესობათა ფართო სპექტრში საყრდენი ძალის სტატუსით აღჭურვა. სამთავრობო ეშელონების ამგვარი კეთილგანწყობის სახეირო შედეგების წარმოდგენა მკითხველს არ გაუჭირდება. მამამ ამგვარი უზნეობა არ და ვერ იკადრა _ ხელისუფლების წინადადება არ მიიღო. ამის გამო სასტიკად დაისაჯა (იმ სასჯელის სიმწარეს ჩვენი ოჯახი დღემდე უმოწყალოდ იწვნევს). რაც შეეხება ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა საკითხის ფარულ კვლევას, მამაჩემს ეს იმიტომ „შეარჩინეს”, რომ მოცლილი კაცის უპერსპექტივო, თავშესაქცევ საქმიანობად მიიჩნიეს: დისერტაციას არ დააცვევინებდნენ, წიგნად არ გამოაცემინებდნენ, პრესა არ გამოაქვეყნებდა. მოკლედ, ვერაფერში გამოიყენებდა!

მამა გახლდათ ნამდვილი მეოხი და ტრფიალი ქართული ისტორიის, კულტურის, თბილისქალაქის. თბილისში ხეტიალი განსაკუთრებით უყვარდა. მის ნაცნობ-მეგობრებს სულ უკვირდათ: – სადაც უნდა მივდიოდეთ, დათიკო იქიდან უკვე მომავალი, წინ გვეგებებაო! დილაობით წვერის პარსვის დროს სულ ჩუბინიშვილისა და ბალანჩივაძის ქართულ სარომანსო კლასიკას ღიღინებდა. მთელი საქართველო ფეხით ჰქონდა მოვლილი, მის ყველა კუთხე-კუნჭულს იცნობდა. სანამ პატარები ვიყავით, მე და ჩემს დას შაბათ-კვირას ქალაქში გვასეირნებდა, ძველ უბნებს გვათვალიერებინებდა და გვეუბნებოდა, დაიმახსოვრეთ თქვენი ბავშვობის თბილისიო. მერე, როცა ჩვენ გავიზარდეთ, შაბათ-კვირას მისთვის კულტურული დატვირთვა ჰქონდა: თეატრი, ოპერა, გამოფენები. ფალიაშვილს აღმერთებდა. ამბობდა: – მისი ოპერების მელოდიკა ვერდის რომ მოესმინა, ვარიაციული განშლით ალბათ ათჯერ მეტს დაწერდაო.

დავით ბუზუკაშვილის პუბლიკაციებს ქართული პერიოდიკის ნებისმიერი გამოცემის ფურცლებზე შეხვდებოდით ფართო თემატური დიაპაზონით. პარალელურად მთარგმნელობითი საქმიანობითაც იყო გატაცებული. მისი თარგმნილია ჩეხოვის გენიალური „თოლია”, რომელიც დიდი მწერლის ქართულენოვანი სამტომეულის მე-3 ტომშია დაბეჭდილი. თარგმნიდა პასტერნაკის წერილებსაც. რუსულიდან თარგმნა აგრეთვე მოსკოვში გამოცემული წიგნი, ცნობილ მოსკოველ მიკროქირურგ, ამჟამად ნიუ-იორკში მოღვაწე რამაზ დათიაშვილზე. წარმოშობით ქუთაისელ ექიმზე, რომელმაც უნიკალური ოპერაციით მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი: ბალტიისპირელ გოგონას, უბედური შემთხვევის შედეგად მუხლებში გადაჭრილი ორივე ფეხი დიდი ოსტატობით საწყის პოზიციებში აღუდგინა და სიარულის უნარი დაუბრუნა (პატარა რასა ყანაში თამაშისას კომბაინერმა მამამ ვერ შეამჩნია და შვილი მუხლებში გადაჭრა!).

მამაჩემის მიკვლეული და მის მიერვე გამომზეურებულია თბილისელი გერმანელი მხატვრის, ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე ოსკარ შმერლინგის ჟანრული ჩანახატების ციკლი „ძველი თბილისი” და შმერლინგისავე კარიკატურები.

დავით-ბუზუკაშვილიმამას – ამ საოცრად ტრაგიკული ცხოვრებისეული და პოლიტიკური ბედის მქონე კაცს, ერთი უცნაური ჰობი და გატაცება ჰქონდა, მივიწყებულ ქართულ წყაროებში გაბნეულ კარიკატურებს, სალაღობო მინიატურებს, ქართველ მოღვაწეთა მეგობრულ შარჟებს, სადაც კი წააწყდებოდა, აგროვებდა. მაშინ ქსეროქსი არ იყო და მათ გადასაღებად ფოტოგრაფები სპეციალურად მიჰყავდა, მერე იმ ფირთა ნეგატივებს თემატურად ახარისხებდა და ბოლოს ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა. ასე შექმნა ქართული ღიმილის არქივის უნიკალური კოლექცია. მიკვირს, იმ მძიმე ცხოვრებაში რა ეღიმილებოდა, მაგრამ ცხოვრებისეულ დრამატურგიას ალბათ თავისივე სპეციფიკური ლოგიკა გააჩნია – კონტრასტის ლოგიკა. ან იქნებ ეს სულაც ბედის ირონიაა. იმ ქართული ღიმილის არქივის კოლექციით მეტად შთამბეჭდავი გამოფენები მოაწყო ჯერ რუსთაველზე, სასტუმრო „ინტურისტის” მხატვრის სახლში, რომელიც თბილისის ომის დროს დაიწვა. მერე კი, ყოფილ ფინანსთა სამინისტროს, ამჟამად ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. იმ ვერნისაჟებს დიდი ინტერესი და რეზონანსი მოჰყვა ქართულ პრესაში. იმ ქართული ღიმილის არქივის ინსპირაციით დააარსა აგრეთვე საგამომცემლო ციკლი „ღიმილი, ღიმილი” და დასტამბა სალაღობო ნობათების კრებულები: „რუსთაველის თეატრი”, „ილია ჭავჭავაძე”, „ტიციან ტაბიძე”, „ირაკლი აბაშიძე”, „ნოდარ დუმბაძე”, „ნონა გაფრინდაშვილი”, „მაია ჩიბურდანიძე” და სხვ.

როცა ქვეყანა საბაზრო ეკონომიკის ფორმატზე გადაეწყო და სახელმწიფო საგამომცემლო სისტემა გაუქმდა, მამამ გამოცემების პრაქტიკა შეწყვიტა. საკუთარი პიროვნული ცენზიდან გამომდინარე, მისთვის მიუღებელი იყო ამა თუ იმ პროექტისათვის სპონსორობისა და ფინანსური შემწეობის თხოვნა, რის გამოც არაერთი საინტერესო წიგნი და კრებული დარჩა გამოუქვეყნებელი. მათ შორის: „აი, ვინ იყო კიდევ ილია!”, „პაოლო იაშვილი”, „ნატო ვაჩნაძე”, „ირაკლი აბაშიძე”, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი”, „დავით ყიფიანი” და სხვ. გამოსაცემად აწყობილი ამ წიგნების მაკეტები, უსახლკაროდ დარჩენილი მისი არქივის უმნიშვნელოვანეს ნაწილთან ერთად, დროებით სხვის სარდაფში მოვათავსეთ, სადაც ცხელი წყლის მილი გასკდა და ეს ყოველივე მთლიანად ჩარეცხა და გაანადგურა.

მამა ჩანაფიქრებით აღსავსე კაცი იყო. უამრავ საინტერესო ინიციატივასთან ერთად, სწორედ მას ეკუთვნის იდეა იუმორის სახლის დაარსებაზე. ამბობდა, თუკი ბულგარელებს გაბროვოში აქვთ ასეთი სახლი, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს, ქართული იუმორი რით არის ნაკლებიო. ეს საკითხი მან პრესაში ოფიციალურადაც დასვა, მაგრამ…

დავით ბუზუკაშვილი პიესების ავტორიც გახლდათ. გამოცემულია მისი კომედიების კრებულიც. პიესა „თვალის თამაში” კი ჟურნალ „ნიანგის” „ბიბლიოთეკის”  გრიფით გამოქვეყნდა. მამას საბავშვო პიესა „ამბავი ბრიყვი ძმობილებისა” თოჯინების სახელმწიფო თეატრში დაიდგა.

სხვათა შორის, შარჟებისა და კარიკატურების ესოდენ მოყვარული მამაჩემი, თავადაც არაერთი შარჟის ტიპაჟად იქცა. აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და შესაბამისი განწყობისთვის შემოგთავაზებთ განადგურებას შემთხვევით გადარჩენილ მის შარჟებსაც:

ერთი ხანობა მამა საჯარო ბიბლიოთეკაშიც მუშაობდა, სადაც დეზიდერატას ფორმატში ჟურნალ-გაზეთების პერიოდიკისა და წიგნების ტომეულებში  დანაკლისებს ავსებდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას „მეძებრის” ყნოსვა ჰქონდა. ინტუიციით გრძნობდა, რისთვის სად უნდა მიეგნო. ეს მას კვლევაშიც ეხმარებოდა და ამ შესაშური უნარით ბიბლიოთეკის დანაკლისსაც სხვადასხვა ოჯახებში მოძიებული ეგზემ­პლარებით ავსებდა.

მახსოვს, ერთხელ ცენტრალურ არქივში მომიწია მისვლა. პარასკევი იყო. არქივის მაშინდელი დირექტორი ზურაბ მახარაძე თავის სამუშაო კაბინეტს ემშვიდობებოდა (ორშაბათიდან არქივს ახალი დირექტორი ჩაიბარებდა). ბატონმა ზურაბმა მამას გარდაცვალება მომისამძიმრა, – დავითის სიკვდილი ვერ გავიგეო და ერთი ეპიზოდი გაიხსენა: – რადიოს უკანასკნელ ცნობათა რედაქციაში პრაქტიკანტად მივედი. თვის ბოლო დღე იყო და ჩემი პირველი რეპორტაჟისთვის ერთ-ერთ ქარხანაში გამგზავნეს. გამზადებული მასალით პირდაპირ თათბირზე გამოვცხადდი და დიდი რიხით დავიწყე ტექსტის კითხვა: ამა და ამ ქარხანამ გეგმა დღეს ვადამდე და გადაჭარბებით შეასრულა-მეთქი. კითხვა რომ დავასრულე, მამაშენმა ჩუმად გარეთ გამიხმო და მითხრა: – ვადამდე შეასრულაო, რომ წერ, – ამოიღე, რადგან, ეტყობა, გამოგრჩა, დღეს რომ თვის ბოლო დღეა. გეგმა რამდენიმე დღით ადრე რომ შეესრულებინათ, ვადამდე ის იქნებოდაო, – გამიღიმა და მხარზე ხელი მომითათუნა. შენიშვნა ხელმძღვანელობისა და  თათბირის  სხვა მონაწილეთა თანდასწრებით რომ არ მომცა და დამწყებ ჟურნალისტს ასეთი ტაქტით მომექცა, დღემდე მახსოვსო.

მამასთვის მასალა, როგორც ასეთი, – იმის მიუხედავად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ან ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო,  – მაინც ფასეულობას წარმოადგენდა. ამას უბრალოდ პედანტობის გამო არ აკეთებდა. ეტყობა, ერთი შეხედვით ესა თუ ის ინფორმაცია მისთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით აუცილებელიც კი იყო რაიმე დეტალის ან თუნდაც განწყობის თვალსაზრისით. საარქივო მასალების ხარისხობრივი დიფერენცირება არ ახასიათებდა. „ყველაფერს თავისი ადგილი და მნიშვნელობა აქვს!” – ეს მისი სამოღვაწეო დევიზი გახლდათ. ამბობდა, კვლევისას ზოგჯერ თითქოსდა უმნიშვნელო რამ უფრო დაგაკვალიანებს და დაგაახლოვებს მიზანსო და ეს სამოქმედო პრინციპადო ჰქონდა დასახული.

…გასახსენებელი უამრავი მაქვს. მოგონებებს თავს ვეღარ ვართმევ. მაგრამ მეტს აღარ გადაგღლით. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ „რეტროსპექციის” პლატფორმაზე  მე და მამა დღეს ერთად ვმუშაობთ. მის დაუფასებელ ნაღვაწს, განადგურებას გადარჩენილ მის საარქივო მასალებს დროდადრო ვაქვეყნებ და ეს ერთგვარი კომპენსაცია მგონია მამას ნათელი ხსოვნის წინაშე.

ამ წერილს კი თამაზ ებანოიძის საიუბილეო მიძღვნით დავასრულებ, რომელიც მამას 80 წლის აღსანიშნავად დაბეჭდა:

 

„პირში რაც მითქვამს,

კვლავაც იმას ვიტყვი ზურგსუკან:

არაერთ კეთილ საქმეს ასწრებს ჩვენი „ბუზუკა”.

ოთხმოცის გახდა, შრომის რიტმი არ მოუცვლია,

ნახეთ, როგორი კრებულები გამოუცია!

უნდა იცოდეთ, რა ხალისით, რა მოფერებით,

მოაწყო, აგერ მშვენიერი გამოფენები.

ამდენ ჟანრს თავს ვინ მოუყრიდა, ანუ რომელი, –

მიტომ ამბობენ, კაციაო დაუცხრომელი,

…ის რომ „ქართველი ებრაელია”

სუფთა ქართველი მაგისთანა, ნეტა, ბევრია?..”

 

 

 

 

მარინა ბუზუკაშვილი

დატოვე კომენტარი