იქნებ გუგომი  და ქოზიფა ერთია?!
იქნებ გუგომი  და ქოზიფა ერთია?!

მამაჩემს მთელი საქართველო ფეხით ჰქონდა მოვლილი. სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა, სად რომელი გზა გადიოდა, საით უხვევდა, რომელს გადაჰკვეთდა. ქვეყნის ყველა რაიონში იყო ნამყოფი. რომ იტყვიან, გადაქექილი ჰქონდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმების თუ მემორიალური სახლების ექსპოზიციები და ფონდების საცავები. იცოდა ლამის ყველა ღირსშესანიშნაობა, იცნობდა ყოველ ისტორიულ ძეგლს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ გთავაზობთ მამას პუბლიკაციას – „იქნებ გუგომი და ქოზიფა ერთია?!“, რომელიც 1983 წლის 16 ივლისითაა დათარიღებული. დღეს, როცა ეს საკითხი უკვე გარკვეულია, სამონასტრო კომპლექსიც აღდგენილ-რესტავრირებული და მოქმედია, წერილი კვლავაც საყურადღებოა უცნობი ისტორიით, კვლევის კვალიფიკაციით და ებრაელი კაცის ქრისტიანული ძეგლისადმი მოამაგეობით.

მარინა ბუზუკაშვილი

 

ჟურნალ „კვალის“ 1897 წლის კომპლექტის გადათვალიერებისას ჩემი ყურადღება მიიპყრო წერილმა „საციციანოს მთა და მისი არხეოლოგიური ნაშთები“ (№8). აგრეთვე წერილს თან დართულმა სურათმა, რომელზეც ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილია აღბეჭდილი. ეს სურათი სპეციალისტებისთვისაც კი უცნობი აღმოჩნდა.

წერილის ავტორი, იასონ ციციშვილი გვიზიარებს იმ დიდ აღფრთოვანებას, რომელიც მაშინ ქართული ხუროთმოძღვრების ორი ფრიად უნიკალური ძეგლის – წმიდის ნიკოლოზისა და ქოზიფას მონასტრების ხილვას გამოუწვევია.  ამასთან, ავტორი არც თავის გულისწყრომას და აღშფოთებას მალავს ეროვნული ხელოვნების იმ უბადლო შედევრებისადმი უყურადღებობის გამო, რასაც თავადნი ციციშვილნი ავლენდნენ. მაგალითად, წმიდის ნიკოლოზის ტაძრის მდგომარეობის აღნიშვნისას იგი წერს: „ამის გაახლებისა და გაშენების მოვალენი არიან თვით ციციშვილები, რადგანაც მათი წინაპრისაგან არის აგებული და დიდ ცოდვად ჩაეთვლებათ, რომ ასეთი ძვირფასი და სამაგალითო ტაძარი დედამიწის ზურგიდან მათი დაუდევრობით აღიფხვრას“.

წერილის ფოტოპირი აკადემიკოს ვახტანგ ბერიძეს ვუჩვენე. – წმიდის ნიკოლოზის ტაძარი, – მითხრა მან, – ყველასთვის კარგად ცნობილი ყინწვისია. რაც შეეხება ქოზიფას, ამ სახელწოდების ძეგლზე აქამდე არავითარი ცნობა არ გაგვაჩნია…

აი, რას წერს ვახუშტი ბატონიშვილი („საქართველოს გეოგრაფია“, 1904წ. გვ.82):

„მძორეთის დასავლეთს, ქვეძინეთს ერთვის ძამას ხევი მუხალეთისა. აქა არს ციხე. კვალად ქვეძინეთს, დასავლეთით მიერთვის ხევი აბუხალასი. აქა არს ქვაბნი გამოკვეთილნი მაღალს კლდესა შინა, მრავალნი. მას შინა ეკლესია კაცთა შეუვალი სიმაგრით. აქედან გარდავალს გზა გუჯარეთს. ამ გზის დასავლით და ქოზიფას ზეით არს კლდე ფშვნიერი ყვითელი და ბრწყინვალე, ვითარცა ოქრო და მის ქვეით არს მონასტერი ქოზიფას, უგუნბათო, კეთილ-შენი მთასა  შინა და აწ უქმი“.

„კვალში“ გამოქვეყნებული წერილის ავტორის თქმით, „ტაძრის კედლები ნაშენია მთლად თლილი პირისფერი კლდის ქვისგან. აღმოსავლეთით სული წმიდის ფანჯარა შიგ შუა ჯვარშია ამოჭრილი. თვით ჯვარი არის ფირუზის ფერის ქვისაგან შემდგარი, რომლის ჩუქურთმა და ქანდაკება კალმით აუწერელია. ჯვრის თავზე, მიხაკის ფერის ქვისგან გამოქანდაკებული მეფის გვირგვინი ადგია, რომლის მსგავსი ჩუქურთმა და ხელოვნება ჯერ არსად ნახულა… ეკლესიისათვის გარსშემოვლებული არშია ისეთის ყურძნის ტევნებისაა და ვაზის ფოთლით არის გამოქანდაკებული, რომ უკეთესს თვალი ვეღარას ნახავს“.

რაც შეეხება ეკლესიის შიდა კედლების გაფორმებას, იასონ ციციშვილი აღნიშნავს, რომ „… შიგნით მთლათ ეკლესია ვიზანტიის ხელოვნური ოქროს ვარაყით და ლაჟვარდი წამლით ნახატია, თითქოს მინანქრით იყოს ნახატი“…

ქოზიფას გზა-კვალი გავიკითხე.

– ქოზიფა? პირველად მესმის, – მითხრა ქარელის რაისაბჭოს აღმასკომის კულტურის განყოფილების გამგემ ზ. გაბუნიამ. – სოფელ ტყემლოვანში კი მე თავად გადავიღე ფოტოალბომისათვის ორი სურათი გუგომის კომპლექსისა.

გუგომი?! კვლავ გადავათვალიერე ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფიის“ სათანადო ფურცლები. ჩავიხედე ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შესაბამის ტომშიც, მაგრამ ამდაგვარი ძეგლის არსებობის თაობაზეც არაფერია თქმული.

ზ. გაბუნიას გადაღებული ფოტოები ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს ვაჩვენე. ერთ-ერთმა მათგანმა, კაცია გიორგობიანმა, ინსტიტუტში არსებული პასპორტი მოძებნა, რომელსაც დართული აქვს გუგომის ხუროთმოძღვრული კომპლექსის საფუძვლიანი აღწერა.  ეკლესიის აღწერაში აღნიშნულია: „ეკლესია მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. ამჟამად მხოლოდ აქა-იქ არის შემორჩენილი ფრესკების ფრაგმენტები. საკურთხევლის კედელზე რამდენიმე წმინდანის სახის კონტურებიც გაირჩევა“. პასპორტში აღნიშნულია აგრეთვე, რომ კომპლექსში არის VIII-IX, XIII და გვიანი   შუა საუკუნეების ძეგლები; რომ ავტორი, ამშენებელი, დამკვეთი და შექმნის ისტორია უცნობია; რომ ძეგლი გადაკეთებული არ არის. კომპლექსის ტექნიკური მდგომარეობა ცუდია და ძეგლი სამეცნიერო ლიტერატურაში უცნობია.

პასპორტის შემდგენელს მ. მგალობლიშვილს ძალიან მოსწონებია გუგომის კომპლექსი და ქებას ასხამს მის ამგებთ. „… ცალკეული ელემენტები ორიგინალური არ არის, – წერს იგი, – მაგრამ მთლიანად კომპოზიციას პარალელები არა აქვს. მხატვარი თავისუფლად ფლობს ინსტრუმენტს. ოსტატურად გამოჰყავს ჩუქურთმა… ეკლესიის ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთისაა გადარჩენილი თავდაპირველი სახით. სწორედ ის, რომელიც ოსტატს განსაკუთრებული გულმოდგინებით აუშენებია. აქ ყველაფერი შესანიშნავად არის მოფიქრებული… ამრიგად, ტყემლოვანი თავისებურ და უაღრესად საინტერესო ხუროთმოძღვრულ კომპლექსს წარმოადგენს“ – ასკვნის ავტორი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ხომ არ არის საფიქრებელი, რომ გუგომი და ქოზიფა ერთი და იგივე ძეგლია?

ორიოდე სიტყვა ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის თაობაზეც: თავის წერილში იასონ ციციშვილი აღნიშნავს, რომ წმიდის ნიკოლოზის ტაძარში, თამარ მეფის ფრესკის მარჯვნივ გამოსახულია ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი მეუღლითურთ. სავარაუდოა, რომ „კვალში“ დაბეჭდილი სურათი ფრესკის შტრიხული გამოსახულებაა. ამასთან, ისიც სავარაუდოა, რომ ამ სურათის ავტორი თვით იასონ ციციშვილია.

1886 წლის „ივერიის“ №212-ის მესამე გვერდზე დასტამბულია ინფორმაცია, რომელშიც მოხსენიებულია მავანი იასონ ციციშვილი.

„… თ. იასონ ციციშვილი გვარიანი მხატვარი ყოფილა. ჰპირდება საზოგადოებას, რომ შემდეგისათვის, როცა სცენა მკვიდრს ნიადაგზე დამყარდებაო, უფრო ხელოვნურად შევამზადებთ ფარდასაო“.

ხსენებული იასონ ციციშვილი უეჭველად ჩემ მიერ მრავალჯერ მოხსენიებული პიროვნება უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ 1886 წელს „ივერიაში“ (N212) ინფორმაციის დაბეჭდვიდან ამ წერილის დასაწყისში ჩემ მიერ მოხმობილ ჟურნალ „კვალის“ 1897 წლის პუბლიკაციის გამოქვეყნებამდე მხოლოდ 11 წელი გვაშორებს.

რაც შეეხება თვით წმიდა ნიკოლოზის, ანუ ყინწვისის ცნობილ ტაძარს, იგი ხომ დაცულია სახელმწიფოს მიერ და რესტავრირებულიც, ახლა ქოზიფა-გუგომსაც უნდა მიხედვა.

 

დავით ბუზუკაშვილი