ფალიაშვილის გახსენება
ფალიაშვილის გახსენება

ამ დღეებში შემთხვევით თბილისში კორონას გამო ჩარჩენილ ერთ შუააზიელს გადავეყარე. ოპერის წინ გაჩერებაზე ორივენი ავტობუსს ველოდებით.  რუსულად გამომელაპარაკა. რაღაც მომენტში ოპერის შენობას ახედა და აღტაცება ვერ დამალა. არამარტო არქიტექტურის, ფალიაშვილის გამოც. დიდი მელომანი აღმოჩნდა და ზაქარიას მუსიკის დიდი თაყვანისმცემელიც. ჩემდა გასაოცრად „ღვინოვ, კახურო“-ს მოტივიც კი წაიღიღინა „დაისიდან“.

ამასობაში ჩემი ავტობუსიც ჩამოდგა და თავაზიანად  დამემშვიდობა, გზად დადებითი განწყობა გამომაყოლა.

ფალიაშვილზე ფიქრი ავტომატურად ამედევნა. მამაჩემიც გამახსენდა – ზაქარიას ოპერების დიდი მოყვარული. ამბობდა, მისი მელოდიკა ვერდის რომ მოესმინა, ვარიაციული შთაგონებით ალბათ ათჯერ მეტ ოპერას დაწერდაო. ყოველ შაბათს ან კვირას დილის წარმოდგენებზე  „დაისის“ ან „აბესალომის“ მოსასმენად ოპერაში წასვლა ჩვევად ჰქონდა. სახლში რომ დავბრუნდი, მამას წერილი მოვძებნე ზაქარია ფალიაშვილზე. ხელახლა გადავიკითხე და გამოქვეყნება გადავწყვიტე. სხვა დანარჩენთან ერთად, გამაოცა ავტორის პასუხისმგებლობამ წერილის თემისადმი: როგორ მომზადებულა იმ ერთი პუბლიკაციისთვის, რამდენი წყარო მოუძიებია!

 

მარინა ბუზუკაშვილი

პორტრეტი არქივიდან

„გარწმუნებთ, ისინი ცდებიან“

ქართული მუსიკის დიდოსტატი, გენიალური კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი ეროვნული კლასიკური ოპერის ფუძემდებელია. საოპერო შედევრების მომავალი ავტორი ყმაწვილობიდანვე გამორჩეული ნიჭიერების პატრონი რომ ყოფილა, საილუსტრაციოდ ერთ მოგონებას გავიხსენებ. კერძოდ, ფრაგმენტს პირველი ქართული უნივერსიტეტის მშენებლობის ხელმძღვანელის, ნიკო ცხვედაძის საუბრიდან პედაგოგ ალექსანდრე მიქაბერიძესთან.

„- მახსოვს ძალიან კარგად, – აღნიშნავს ალექსანდრე მიქაბერიძე, – ერთ დილით ქართულ გიმნაზიაში ნიკო ცხვედაძე შემოვიდა და რადგან სწავლა უკვე დაწყებული იყო, მკლავში ხელი გამომდო, ეზოში გამიყვანა და გამომკითხა, რა უჭირდა და ულხინდა ქართულ გიმნაზიას. თან დასძინა, რომ უდროობის გამო შეაგვიანდა მისვლა ცნობილ მეცენატ დავით სარაჯიშვილთან მასწავლებელთათვის ხელფასების დროულად გაცემის მოსაგვარებლად. დამპირდა, სარაჯიშვილს დღესვე შევხვდებიო, რისთვისაც მადლობა მოვახსენე“.

შემდეგ ნიკომ იკითხვა:

– ახლა ეს მითხარით, მასწავლებლები მართლა მემდურიან, ზაქარია ფალიაშვილს რომ სტიპენდია დავუნიშნეთ? გარწმუნებთ, ისინი ცდებიან და დიდადაც ცდებიან. მე წინდახედული კაცი ვარ და ასე უბრალოდ ამდენი დავითა და გაჭირვებით მოპოვებულ გროშებს ტყუილუბრალოდ არ გადავყრი. მასწავლებლებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ სიმღერა და მუსიკა… სხვა სასწავლო საგნების განუყოფელი დისციპლინაა. ზაქარია ფალიაშვილი დიდი მუსიკალური ნიჭის პატრონია… მერწმუნეთ, იგი არამარტო ჩვენს სასწავლებელში, მთელ საქართველოში დიდ საშვილიშვილო საქმეს შექმნის… ღრმად მწამს, რომ ასე მოხდება და კიდევაც ამიტომ დავუნიშნე სტიპენდია. მე სულ მომავალზე ვფიქრობ და კიდევაც სრული იმედი მაქვს, ფალიაშვილზე დახარჯული ფული ერთი ასად და ათასად დაგვიბრუნდება. დარწმუნებული ვარ,… თვით ის მასწავლებლები, ამჟამად ჩემს წინააღმდეგ რომ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, სიხარულით მიეგებებიან იმ საშვილიშვილო საქმეს, რომელსაც ზაქარია ჩვენდა სასიქადულოდ საქართველოს მასშტაბით გამოაწყობს“… (გაზ. „განათლება“, 1992წ. 23/X).

ნიკო ცხვედაძის ეს წინასწარმეტყველება სრულად გამართლდა. სწორედ ზაქარიას „აბესალომ და ეთერმა“ ათქმევინა კოტე მარჯანიშვილს: „დიდი დღესასწაულია, დღესასწაული ნამდვილი ხელოვნების, კულტურული გამარჯვებისა. ეს სარკმელია ევროპისაკენ! გასაოცარი ლეგენდაა სამშობლო ქვეყნის ჰანგებით მოსევადებული, ევროპული ოსტატობით შემუშავებული. მელანდება და მგონია, ხორცს ისხამს ჩვენი მესიანობა მსოფლიო ხელოვნებაში…   სამწუხაროდ, „ეთერი“ მითია, არც მუსიკაა შენივთული რამ და ამიტომ არ შემიძლია მათ ჩემი ხელით შევეხო. სამაგიეროდ, სულითა და გულით ვეამბორები ზაქარია ფალიაშვილს“.

არც სანდრო ახმეტელის აღტაცებაა ნაკლები „ტემპერატურის“:

„ – დიახ, ქართველი ვარ…  – ამაყი, თავმომწონე… გაქრა ჩემში შიში მომავლისადმი… აღარ ვარ გულნატკენი, რადგან ვიცი, გვაქვს კულტურის მშვენიერი დარგი – ოპერა – „აბესალომ და ეთერი“. უდიდესი განძი ქართული ხელოვნებისა – სიმღერა ფალიაშვილის მეოხებით მსოფლიო ხელოვნების უმაღლესი ფორმით შეიმოსა“…

ამ ოპერის დიდებამ ამერიკის კონტინენტზე გადახვეწილი ქართველი მანდილოსნის ყურამდეც მიაღწია. უკვე ხანშიშესული ემიგრანტი ქალბატონი ახლობლისადმი მიწერილ წერილში სინანულით ამბობს: „ჩვენ დავბერდით. ეხლა ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდობა ეუფლება თეატრს და საერთოდ ყველა დარგს ხელოვნებისას. რას მივცემდი, რომ გამეგონა კიდევ ერთხელ ქართული ოპერა „აბესალომ და ეთერი“. ალბათ, ერთი 20 წელი მომაკლდებოდა, გავახალგაზრდებოდი!“ (თამარ პაპავა, წიგნიდან „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“. პარიზი, 1937წ).

„აბესალომ და ეთერის“ პრემიერიდან (1919წ. 21 თებერვალი) ათიოდ დღეში –  2 მარტს ამ ოპერაზე აზრს გამოთქვამს ინგლისის კულტურის მოღვაწეთა დელეგაციის წევრი ე. ობერმანი: „ფალიაშვილის მუსიკა დიდებულია, სერიოზული და ჭეშმარიტად ქართულია, შესანიშნავად შეესაბამება სიუჟეტს. ვხვდებით ჩინებულად გამოყენებულ ევროპული სტილის ეპიზოდებსაც. ასე რომ, საერთო ანსამბლის შთაბეჭდილება სრულად ჰარმონიულია. ტექნიკური თვალსაზრისით ოპერა შესანიშნავადაა აწყობილი და კარგად ორკესტრირებული, რასაც ოსტატი-მუსიკოსის ხელი ატყვია“.

ოპერა „დაისი“, ისევე, როგორც მანამდე შექმნილი „აბესალომ და ეთერი“, ქართული მუსიკალური ხელოვნების მშვენებაა. ორივე ამ ქმნილებით თამამად შეგვიძლია გავუსწოროთ თვალი მთელს მუსიკალურ სამყაროს. მუსიკისმცოდნე პავლე ხუჭუა აღნიშნავს:

„ – მაგონდება უნგრელ კულტურის მოღვაწეთა დელეგაციის ჩამოსვლა თბილისში 1953 წელს. ოპერის თეატრში სტუმრები „დაისს“ დაესწრნენ. ჩემს გვერდით იჯდა გამოჩენილი უნგრელი მოქანდაკე ჟიგმონდ კიმფალუდ-შტრობელი (ბუდაპეშტში, გელერტის მთაზე აღმართული „თავისუფლების ქანდაკების“ ავტორი), რომელიც დაძაბული ყურადღებით უსმენდა ფალიაშვილის უკვდავ ქმნილებას. სპექტაკლის შემდეგ სტუმარმა აღტაცება ვერ დაფარა:

– ბევრი მსმენია საქართველოზე, თუმცა, აქ პირველად ვარ. არ არის საჭირო ათეული ტომების წაკითხვა, საქართველოს წარსულსა და მის ლამაზ ხალხს რომ გაეცნო. საკმარისია მოისმინო „დაისი“ და ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ ქვეყანასა და მის ხალხზე, ქართველთა ვაჟკაცურ შემართებაზე, პოეტურ ბუნებაზე, პატრიოტიზმსა და ტემპერამენტზე“… (პ. ხუჭუა. მონოგრაფია „ზაქარია ფალიაშვილი“. 1974წ.).

მსგავსი შეხედულებანი უცხოელთაგან შემდგომაც ბევრი გვსმენია.

 

„თავო, ჩემო“

ოპერა „აბესალომ და ეთერი“ ზაქარიას  შემოქმედებითი ბიოგრაფიის მეტად მძიმე დროს უკავშირდება. კერძოდ, „ის-ის იყო ამთავრებდა ოპერის წერას, რომ სრულიად მოულოდნელმა შემთხვევამ ყველაფერს შავი ფარდა ჩამოაფარა“ (შალვა კაშმაძე. მონოგრაფია „ზაქარია ფალიაშვილი“).

კომპოზიტორის ერთადერთი ვაჟი, ირაკლი განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოვებული. 4 წლის ასაკში მან მოსმენისთანავე ფორტეპიანოზე ზუსტად გაიმეორა ცნობილი მარში გლინკას „რუსლან და ლიუდმილადან“, რითაც მსმენელები აღტაცებაში მოიყვანა. 10 წლის ირაკლი ქართულისა და რუსულის გარდა, თავისუფლად ფლობდა რამდენიმე ევროპულ ენას და ესპერანტოსაც სწავლობდა. უაღრესად გონიერი ყმაწვილი იყო. მამას ხშირად დაჰყავდა ოპერის თეატრში, სადაც გაფაციცებით ადევნებდა თვალს დირიჟორს, ორკესტრსა და სცენას. ჰყავდა საკუთარი ქურუმებიც – ძალიან უყვარდა მომღერალი მარია ტურჩანინოვა, რომელსაც პაწია ირაკლიმ საკუთარი ვალსი მიუძღვნა.

„აბესალომის“ წერისას სულგანაბული ადევნებდა თვალს კლავიშებზე მონავარდე მამის თითებს. ხანგამოშვებით შებედავდა:

– მამა, ეს ადგილი არ მომწონს, გადააკეთე! – და ზაქარიას მოკუმულ ბაგეს ღიმილი გადაეფინებოდა, შთაგონება ემატებოდა…

1915 წლის ზაფხულს ზაქარია ოჯახთან ერთად კურორტზე ატარებდა. ერთ საბედისწერო დღეს მოულოდნელად ზემოდან ჩამოვარდნილმა მორმა ბავშვი ქვეშ დაიტანა. უბედურმა შემთხვევამ ირაკლი ლოგინს მიაჯაჭვა და დიდი მცდელობის მიუხედავად, სიკვდილს ვერ გადაარჩინეს.

ენით აუწერელ მწუხარებაში ჩავარდნილი ზაქარია მთელ დღეებს შვილის საფლავზე ატარებდა. ბავშვის ლანდს ესაუბრებოდა, ახლობლებს ეშინოდათ, რაიმე უბედურება არ აეტეხა საკუთარი თავისთვის. მუსიკა და ფორტეპიანო თითქოს სამუდამოდ დაივიწყა. ე. ქიქოძე იგონებს: „თითქმის ნახევარმა საუკუნემ განვლო, მაგრამ მისი მწუხარება ახლაც მახსოვს. სახეზე ზეადამიანური ტანჯვით მიჰყვებოდა ირაკლის ცხედარს და კუბოს სახურავს ჩაბღაუჭებული შიშობდა, არ დაეშორებინათ მისგან. ვფიქრობდი, მიატოვებდა მასწავლებლობასაც და შემოქმედებით მოღვაწეობასაც. კიდევ კარგი, დრომ თავისი გაიტანა“ (ვაჟა გვახარია. მონოგრაფია. „ქართული მუსიკის მშვენება“).

ფრაგმენტი დემნა შენგელაიას მოგონებიდან: „ –  მამა ჩუმად იტანდა დარდს, რომელმაც ზეზეურად დაადნო. არარაფერი იტაცებდა, ყველა ოცნება ჩაკვდა. თითქოს სამუდამოდ ჩაიშალა ის დაწყებული საქმე. კუთხეში მიეგდო და არაფრის გაგონება არ უნდოდა. ზაქარიამ ორ წელიწადს იგლოვა შვილი.

ერთ დღეს საღამომდე დარჩა შვილთან. ადვილი წარმოსადგენია, როგორი გრძნობით ეჩურჩულებოდა ძვირფას საფლავს. გულდამდუღრული ბინდის ხანს დაბრუნდა გატიალებულ ოჯახში. დაბრუნდა და იმ დროს, როცა ყველაფერი დამთავრებული, აზრდაკარგული, ყოველივეზე ხელი სამუდამოდ ჩაქნეული ეგონა. ორი წლის სიჩუმის შემდეგ პირველად მიუჯდა ფორტეპიანოს და … კაცი გადარჩა… ორი წლის დარდისა და დუმილის შემდეგ მის ოთახში პირველად გაისმა არა ბნელი რექვიემი, არამედ დიდებული ღაღადისი მისი სახეშეცვლილი შვილისა…“ (გაზ. „ლიტერატურული საქართველო“. 1971წ. 15 ოქტომბერი).

ოპერა „აბესალომის“ თბილისური პრემიერიდან ერთი კვირის თავზე ქუთაისში სპეციალურად გამოცემული ჟურნალის, „თეატრი და მუსიკის“ პირველი ნომრისათვის (1919 წლის მარტი) დაწერილ ავტობიოგრაფიაში ზაქარია ფალიაშვილი ოპერის დაგვიანების გამო საკუთარ ერს ზუსტ ანგარიშს წარუდგენს: „ამ ოპერის წერა მე დავიწყე 1912 წელს. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გამიგია უკმაყოფილება, რომ ფალიაშვილი ოპერას წერს და გამოქვეყნებას კი აქამდე არ ეშველა რაო! რაც ერთნაირ ეჭვსაც ბადებდა საზოგადოებაში. მაგრამ საზოგადოებამ სრულიად არ იცოდა ის არანორმალური პირობები, რომელშიც  მე მომიხდა ოპერის წერა. მართალია, ოპერა „აბესალომ და ეთერი“ მე ვწერე ექვსი წელიწადი, მხოლოდ ზაფხულის თვეებში, რადგანაც მე, როგორც პედაგოგს 9 აკადემიური თვის განმავლობაში 40-45 გაკვეთილი მაქვს, ძალა არ შემწევდა, სისტემატურად მთელი წელიწადი მემუშავა და დროზე დამემთავრებინა ეს ოპერა. ეს ერთი, და მეორეც ის, რომ იმ უბედურების შემდეგ, რომელიც მე დამატყდა თავს ჩემი ერთად-ერთი შვილის დაკარგვის გამო, რომლის ხსოვნასაც ვუძღვენი მე ჩემი პირველი ოპერა „აბესალომი“, სრულიად უნარი წამერთვა მუშაობისა. ასე რომ, ორი წლის წინანდელი უკვე მზა ოპერა, რომელსაც მხოლოდ ბალეტის დაწერა-ღა აკლდა, ამ ზაფხულს დავამთავრე და ერთი კვირის წინათ ხომ კიდეც წარვუდგინე ფართო საზოგადოებას მოსასმენად… 1919 წლის 28 თებერვალი“.

ორად-ორ სტრიქონიანი წარწერა ამ ოპერის კლავირზე ზაქარიას სულის კივილია: „ძეგლად დედისერთა ყრმის – ირაკლის უმანკო სულს – მამისაგან, ზაქარია პეტრეს-ძე ფალიაშვილისაგან“…

 

„ჩემო სიცოცხლევ“

ზაქარია ფალიაშვილის 100 წლის იუბილე 1971 წელს ზეიმით აღინიშნა. გამოქვეყნდა გამოჩენილ მოღვაწეთა საინტერესო პუბლიკაციები, მოგონებები და სხვა. ჟურნალ „საქართველოს ქალის“ მე-9 ნომერში დასტამბული იზა ნადირაძის წერილი „სიცოცხლის ჭეშმარიტება“ ეძღვნება ნადეჟდა ბუზოღლის. ქალს, რომელსაც განსაკუთრებულად გამორჩეული ადგილი ეკავა ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფიაში. იგი ზაქარიას ახლო მეგობარი იყო, რასაც დიდი კომპოზიტორისადმი მიძღვნილ წიგნებში მუსიკისმცოდნე პავლე ხუჭუა და ვაჟა გვახარიაც ადასტურებენ.

ივანე აბაშიძისა და მარიამ  ჩიქოვანის ასული ნადეჟდა ზაქარიას მრავალწლიან პედაგოგიური მოღვაწეობაში კაშკაშა ვარსკვლავი იყო. მათი სახელები განუყოფელია ერთი მეორისაგან. როცა ლაპარაკია დიდი ზაქარიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, შეუძლებელია არ ვახსენოთ პროფესორი ნადეჟდა აბაშიძე-ბუზოღლი და პირიქით. ფალიაშვილმა თავის ქმნილებათა უდიდესი ნაწილი სწორედ ნადეჟდა ბუზოღლის უძღვნა. ამ ქალის სიფაქიზემ, სინატიფემ და სიდარბაისლემ ღრმა კვალი დაამჩნია კომპოზიტორის სულს. პედაგოგსა და მოწაფეს სხვა დანარჩენთან ერთად დიდი გრძნობაც აკავშირებდათ.

1918 წელს ცნობილი არქიტექტორის მიხეილ ბუზოღლის (ნადეჟდას ქმარი) ოჯახი საბოლოო საცხოვრებლად თბილისში დასახლდა, რამაც ნადეჟდას ცხოვრება სრულიად შეცვალა. იმავე წელს გაიცნო ზაქარია ფალიაშვილი და დაიწყო მასთან მეცადინეობა. 1920 წელს იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტად ჩაირიცხა. სასწავლებელი ნადეჟდამ წარმატებით დაამთავრა.

– თქვენ მე დამიბრუნეთ სიცოცხლე და ჯანმრთელობა, – ამ სიტყვებით არაერთხელ მიუმართავს შვილის სიკვდილით ღრმად დამწუხრებულ ზაქარიას ნადეჯდა ბუზოღლისათვის და მადლობის ნიშნად ყოველ ახალ რომანსს მას ჩუქნიდა. ერთ-ერთ რომანსს ამშვენებს წარწერა: „Симпатичной и славной Н.И. Бузоглы от автора на память Абастумани (ხაზი ჩემია. – მ.ბ.). 4/VIII, 1920წ.“.  ხოლო ცნობილი რომანსის „რისთვის მიყვარხარ?“ თავფურცელზე ვკითხულობთ: „ეძღვნება ღრმად პატივცემულ ნ.ი. ბუზოღლის“.

ეს ორი დიდი ადამიანი მუსიკამ რომ სამუდამოდ დააკავშირა, სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვული ზაქარიას მიერ ლენინგრადიდან გამოგზავნილი ბარათებითაც აშკარაა:

 

„ლენინგრადი, 5/VI,  33წ.“

ჩემო სიცოცხლე, ძვირფასო ნადეჟდა!

 გუშინწინ გამოგიგზავნე წერილი და ალბათ მიიღებდი. ეს მეოთხე წერილია ჩემი ხელით შენთან მოწერილი.

ეხლა, გენაცვალე, შენ ნუ დამემდურები, ამ მოკლე წერილებს რომ გწერ. სამუდამოდ გამოჯანმრთელების იმედი მე აღარ მაქვს, როგორც ეტყობა. მაგრამ იმ წერილშიც გწერდი და ეხლაც გთხოვ, შემავედრე ღმერთს, რომ ცოტათი მაინც გამოვკეთდე.

ჩემო ანგელოზებო, წერილი მალმალე მომწერეთ.

                                                                                                           შენი ზახპეტი“

 

„ლენინგრადი, 7/VI,  33წ.“

ჩემო ძვირფასო და კარგო ნადეჟდა!

 ეს არის მივიღე შენი წერილი და ეხლავ გიგზავნი ტელეგრამას. ეს არის მეშვიდე წერილი და მეექვსე ტელეგრამა. ჩემი მდგომარეობა ჯერჯერობით გაურკვეველია…

ჩემო ძვირფასო, შემავედრე ღმერთს, რომ განვიკურნო და ნუ წამგლეჯს თქვენ თავს ჩემგან.

ჩემს სიცოცხლეს, ოთარიკოს ვენაცვალე  (ხაზი ჩემია. – მ.ბ.).

                                                                                                           შენი ზახპეტი“

ეს წერილები კომენტარს არ საჭიროებენ. მხოლოდ იმას დავაზუსტებ, რომ „ზახპეტ“-ში დაშიფრულია „ზაქარია პეტრეს ძე“, ხოლო „ოთარიკო“ კი ნადეჟდას ვაჟიშვილი, ამჟამად ცნობილი კომპოზიტორი ოთარ გორდელია (ოთარ გორდელის მამა ზაქარია ფალიაშვილი გახლდათ. – მ.ბ.).

 

დავით ბუზუკაშვილი