ერთი ილუსტრაციის გამო
ერთი ილუსტრაციის გამო

მამაჩემის არქივში ჩემთვის აქამდე უცნობი ილუსტრაცია ვიპოვნე, რომელიც ლადო გუდიაშვილის მიერ ორიგინალურად ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსნის” ფრაგმეტი გახლავთ. ილუსტრაციას თან ერთვის ინფორმაცია რუსულად, რომლის სტილური თავისებურებით დაცულ თარგმანსაც აღნიშნულ ილუსტრაციასთან ერთად აქვე გთავაზობთ.

სამწუხაროდ, თარიღის მიმანიშნებელი რაიმე ცნობა მითითებული არ არის.

 

მარინა ბუზუკაშვილი

 

„შოთა რუსთაველის „ჯიქის ტყავის” ახალი გამოცემა

გამომცემლობა „ფედერაციამ” ამ დღეებში სრული, ხელნაწერებთან გადა­მოწ­მებული შოთა რუსთაველის „ჯიქის ტყაოსანი” გამოსცა.

შოთა რუსთაველის პოემის ახალი გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა საქარ­თველოს ლიტერატურულ ფრონტზე. აღნიშნული გამოცემის რედაქტი­რე­ბისთვის მოწვეულ იქნა რუსთაველის პოემის მცოდნე და წლების მანძილზე მკვლევარი პოეტი კ. ჭიჭინაძე.

მისი რედაქციით გამომცემლობამ ამ უდიდესი ქართული პოემის მართლაც რომ სანიმუშო გამოცემა შემოგვთავაზა. წინასიტყვაობაში მოცემულია თამარის მეფობის ეპოქის ღრმა ანალიზი. პოემის ტექსტს თან ერთვის კ. ჭიჭინაძის მიერ შედგენილი პოემის კონკორდანსი (ნაწარმოების ტექსტში გამოყენებულ სიტყვათა სრული სია – მ. ბ.), ძველი ქართული ტერმინების ლექსიკონი, ინდექსი და ბიბლიოგრაფია. წიგნი მდიდრულად ილუსტრირებულია ლადო გუდიაშვილის 34 ფერადი გრაფიკული ნახატითა და ჩანართებით. გამოცემის ყველა ფერადი ნახატი შესრულებულია მოსკოვის „გოზნაკის” სტამბაში.

აღნიშნული გამოცემისთვის მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა დიდი შრომა გასწია და შეასრულა: ორმხრივი ფერადი ყდა, სუპერყდა და ფრონტისი (წიგნის პირველი (სატიტულო) გვერდის წინ (მარცხენა მხარეს) მოთავსებული სურათი – მ. ბ.), დაახლოებით 40 გრაფიკული ილუსტრაცია, მრავალი ჩანართი, ტექსტის საწყისი ასოები და დაბოლოებები.

გაწეული სამუშაო არამარტო ლადო გუდიაშვილის შემოქმედებისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, არამედ დიდი წვლილიცაა წიგნის გაფორმების ხელოვნებაში. ეს თანამედროვე ხელოვნების საშუალებებითა და ტექნიკით რუს­თა­ველის პოემის ილუსტრირების პირველი სერიოზული ცდაა. და მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით მატულობს „ჯიქისტყაოსნის” XVII საუკუნის პრიმიტივი ილუსტრატორების – თავქარაშვილისა და ავალიშვილის, განსაკუთრებით კი ზიჩის (XIX საუკუნის ბოლო) მოტკბო-ეტიკეტური ნახატების ფონზე.

პოემის პერსონაჟთა ასახვას თავისი დამკვიდრებული ტრადიცია გააჩნია და მხატვარს ეს სახეები ახლებურად ისე უნდა   გარდაქმნა, რომ არც იმ ტრადიციებით შებოჭილიყო და არც საერთოდ უკუეგდო ისინი. ამ ამოცანას ლადო გუდიაშვილმა ძირითადად გაართვა თავი. ამასთანავე, იგი არც სპარსულ მინიატურებთან წყვეტს საკუთარ კავშირს, არამედ აღწევს რა თავს გატკეპნილ გზებს, მათ თავისებურ გარდაქმნას ახდენს. საინტერესოა მხატვრის მიდგომა პოემის გმირებისადმი. მათი იერის უცვლელობის შეუნარჩუნებლად იმ სახეებს დინამიკაში ხსნის. ყოველ ილუსტრაციაში ხაზს უსვამს იმ თვისებებს, ასასახავი ეპიზოდის მახასიათებლებს რომ წარმოადგენენ”.

 

P.S. ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თანახმად კ. ჭიჭინაძისეული „ვეფ­ხის­ტყა­ოსნის” გამოცემის და, შესაბამისად, გუდიაშვილის მიერ ილუს­ტრი­რების თარიღია 1934 წელი.

 

მ. ბ.