ზვიად ქორიძე - იყო კამპანია, რომ პრეზიდენტი მკვლელებს, ყაჩაღებს, ქურდებს იწყალებს, ახლა გაჩნდა თემა, რომ ნარკორეალიზატორებს იწყალებს
ზვიად ქორიძე - იყო კამპანია, რომ პრეზიდენტი მკვლელებს, ყაჩაღებს, ქურდებს იწყალებს, ახლა გაჩნდა თემა, რომ ნარკორეალიზატორებს იწყალებს

ჯერ იყო კამპანია, რომ პრეზიდენტი ნაციონალებს იწყალებს, რომელიც გადაგორდა, ასევე გადაგორდა ტალღა, რომ პრეზიდენტი მკვლელებს, ყაჩაღებს, ქურდებს იწყალებს, ახლა კი ახალი თემა გაჩნდა, რომ პრეზიდენტი ნარკორეალიზატორებს იწყალებს, – განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„შეწყალების კომისიის, როგორც ჰუმანური აქტის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, პერიოდულად ხდება. მაგალითად, გუშინ ერთ–ერთი ტელევიზიის ეთერით, სხვათაშორის თავად შეწყალებული დეპუტატისგან, ვისმენდი, რომ პრეზიდენტმა თურმე, 55 ბარიგა შეიწყალა. ის ამ ტერმინს იყენებდა“, – განაცხადა ქორიძემ.

როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, ძალიან მძიმე მოსასმენი და საყურებელია, როცა შეწყალების იდეის გაუფასურება ხდება.

„ეს პრობლემური თემაა, როცა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირი, ადამიანი, რომელსაც საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა, საზოგადოებას ასე ელაპარაკება, რადგან როცა მოქალაქეებს მუდმივად უმეორებ, რომ პრეზიდენტი გრადაციას ამ ნიშნებით აკეთებს და გადაწყვეტილებას ასე იღებს, ამით მიზანმიმართული შტურმი არა კონკრეტულად პრეზიდენტისა და შეწყალების კომისიის წევრთა საქმიანობის მიმართ გაქვს, არამედ ენერგიასა და რესურსს თავად შეწყალების იდეის გაუფასურებაზე ხარჯავ“, – განაცხადა ქორიძემ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის დროზე გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, უნდა ჰქონდეს თუ არა პრეზიდენტს მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება, ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ ამაზე მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულებიც არსებობს, მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა არც ერთ მსჯავრდებულს არ ართმევს უფლებას, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით მკვლელებს რამდენიმე მუხლით ასამართლებენ. ყველა მუხლი სხვადასხვა შინაარსისაა და ყველა ისტორია სხვადასხვანაირია. ეს მუხლები შინაარსს შეიცავს და ამ მუხლებზე დაყრდნობით, მსჯავრდებული ადამიანების განაჩენებიც სხვადასხვა შინაარსს შეიცავს. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანის საქმის განხილვისას, კომისიის წევრთა შორის ასეთი აზრი გაჩნდეს, რომ ამ ადამიანის სრულად, ან ნაწილობრივ შეწყალების თაობაზე პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია შევთავაზოთ. რა თქმა უნდა, შეიძლება, პრეზიდენტმა ეს ადამიანი სრულად შეიწყალოს, ან სასჯელი შეუმსუბუქოს, გაუნახევროს და ა.შ“, – განაცხადა ქორიძემ.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ზაალ უდუმაშვილსაც უპასუხა, რომელმაც გადაცემაში განაცხადა, რომ როცა პრეზიდენტმა თავის დროზე ირაკლი ქორიძე შეიწყალა, მსჯავრდებულმა საპატიმრო პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა.

„ირაკლი ქორიძე პოლიტპატიმრის სტატუსით არ გამოსულა. ის კონკრეტულ ნარკოდანაშაულზეა შეწყალებული. მცდარია ინფორმაცია, რომ ის ნარკორეალიზატორია, რადგან ასეთი რამ არ წერია განაჩენში, რომელსაც გავეცანით. შესაბამისად, ეს ნარკორეალიზატორის საქმე არ იყო“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.