სალომე ზურაბიშვილი - გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა
სალომე ზურაბიშვილი - გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი საპარლამენტო გამოსვლისას შეწყალებისა და მოსამართლეთა უვადო დანიშვნების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეწყალება, სასამართლო სისტემა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა – სწორედ ისეთი საკითხებია, რომლებიც დღეს საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს.

მისივე თქმით, შეწყალების პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას.

„ამნისტია ზოგად კრიტერიუმებზე დაფუძნებული სრულიად სხვა სამართლებრივი ფორმაა, რომელიც მოიცავს სასჯელისგან გასათავისუფლებელ პირთა ფართო წრეს. პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემცვლელია და არც სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი. შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმის შერჩევას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრინციპებს ენიჭება. ამ პრინციპების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს იმას, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ეს ასევე შეამცირებს რისკებს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის ახლდა მასობრივ შეწყალებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა და კომისიაში დამატებით ჩართული იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები.

„კომისია განიხილავს იმ განცხადებებს, რომლებიც დააკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს. საბოლოო გადაწყვეტილება კი რჩება პრეზიდენტის პრეროგატივად. გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები. შეწყალება გამორიცხავს იმასაც, რომ საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს განემარტოს რომელიღაც კონკრეტულ საქმეზე შეწყალების მიღების, ან მასზე უარის თქმის, საფუძველი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.