ზვიად ქორიძე - გიორგი გაბუნიას რეპლიკა ჯდება თვითრეგულირების ჩარჩოში და თვითრეგულირებულით უნდა გადავწყვიტოთ, როგორ იმოქმედოს საზოგადოებამ, ტელევიზიამ და კონკრეტულმა ჟურნალისტმა
ნებისმიერ შემთხევაში, ეს რეპლიკა ჯდება თვითრეგულირების ჩარჩოში და თვითრეგულირებულით უნდა გადავწყვიტოთ, როგორ უნდა იმოქმედოს საზოგადოებამ, როგორ უნდა იმოქმედოს ტელევიზიამ და კონკრეტულმა ჟურნალისტმა, – ეს განცხადება ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გაკეთებულ მონოლოგთან დაკავშირებით გააკეთა.
„მე ასე შევაფასე, რომ ეს არის უხამსი რეპლიკა, თუმცა საჯარო სივრცეში მაგალითად, შემეპასუხნენ და მითხრეს, რომ ეს ცოტა უფრო უღირსებოა, უფრო არაქართულიც არის, იმიტომ, რომ საქართველოში სხვა დამოკიდებულებაა მიცვალებულის მიმართ და იქ საფლავის შეურაცხყოფა იყო. ბევრი რამ შეიძლება, ვთქვათ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს რეპლიკა ჯდება თვითრეგულირების ჩარჩოში და თვითრეგულირებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ, როგორ უნდა იმოქმედოს საზოგადოებამ, როგორ უნდა იმოქმედოს ტელევიზიამ და კონკრეტულმა ჟურნალისტმა. ამიტომ, ახლა ძალიან სახიფათო მოსახვევშია, ასე ვთქვათ, ჩვენი საზოგადოება, იმიტომ, რომ ერთი მხრივ, მას აქვს რეაქცია ამ რეპლიკაზე, მეორეა ამ რეაქციის პასუხად რა შეიძლება, გააკეთოს. თუ ჩვენ წავედით ცენზურისკენ, ამით ჩვენ შეიძლება, საერთოდაც უარი ვთქვათ ჩვენს დემოკრატიულ განვითარებაზე და თავად დავემსგავსოთ იმ სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტიც არის პუტინი“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.