ზვიად ძიძიგური - მამუკა ბახტაძე და მისი პოლიტიკა ჩვენთვის საინტერესო იმიტომ არის, რომ აქცენტებს მცირე და საშუალო მეწარმეებზე აკეთებს
ზვიად ძიძიგური - მამუკა ბახტაძე და მისი პოლიტიკა ჩვენთვის საინტერესო იმიტომ არის, რომ აქცენტებს მცირე და საშუალო მეწარმეებზე აკეთებს

მამუკა ბახტაძე და მისი პოლიტიკა ჩვენთვის საინტერესო იმიტომ არის, რომ ის აქცენტებს მცირე და საშუალო მეწარმეებზე აკეთებს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“.

„თუ ჩვენ დიდ ჰიდროელექტროსადგურს ავაშენებთ, ერთ ასეთ სადგურს შეუძლია, 1%-იანი, ან 1,5%-იანი ეკონომიკური ზრდა მოგვიტანოს, მაგრამ შეიძლება, 20 სამუშაო ადგილი შექმნას. მეტს არ შექმნის. ჩვენ კი თუ სამუშაო ადგილები არ შევქმენით, სიღარიბე არ მოიკლებს. სამუშაო ადგილებს სწორედ ის პატარა საწარმოები და სოფლის მეურნეობის რაღაც დარგების განვითარება ქმნის. სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება სამუშაო ადგილების შექმნაა და მთავრობას სწორედ ასეთი ხედვა აქვს“, – განაცხადა ძიძიგურმა.

ამ განცხადებით ზვიად ძიძიგურმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის ის ახალი პოლიტიკა, რომელიც აღმოფხვრის მოცემულობას, როცა მაგალითად, 2018 წელს 5%-მდე ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ამავე დროს, სიღარიბეც გაიზარდა. 

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ჯერ მხოლოდ ერთი წელია გასული, რაც მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრია და დარწმუნებულია, 2020 წლისთვის ქვეყანაში ვითარება თვისობრივად შეიცვლება.

„თუ მთავრობის, პარლამენტის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მუშაობით ხალხი კმაყოფილი არ იქნა, გადაწყვეტილება ხალხზეა და არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღება ხალხს რომ შეუძლია, ეს საპრეზიდენტო არჩევნებმაც კარგად გვაჩვენა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.