ზვიად ძიძიგური - იმედი მაქვს, ამერიკელებთან მიმართებით „ქართული ოცნების“ წევრთა რიტორიკა შეიცვლება
ზვიად ძიძიგური - იმედი მაქვს, ამერიკელებთან მიმართებით „ქართული ოცნების“ წევრთა რიტორიკა შეიცვლება

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამერიკელებთან მიმართებით „ქართული ოცნების“ წევრთა რიტორიკა შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„არ შეიძლება ასეთი რიტორიკა, რომ ოთხი კონგრესმენის წერილი არაფერს ნიშნავს 500-კაციან კონგრესში, წერილი 250-მა კაცმა უნდა დაწეროს, პოზიცია ჩამოაყალიბოს და ა.შ. არ შეიძლება, რაოდენობაზე გააკეთო აქცენტი. როდესაც ამ წერილებს აგზავნიან საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ანუ, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში არიან გამორჩეული საქართველოს მიმართ, მისი საგარეო პოლიტიკისა და ტერიტორიული მთლიანობის არაღიარების პოლიტიკის მიმართ, ქმნიან ძალიან ბევრ ორპარტიულ მხარდამჭერ რეზოლუციას და შემდეგ, მხარდაჭერის ინიციატორები არიან, არ შეიძლება, მათ უპასუხო, რომ ორი კაცია, ან ოთხი და ა.შ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისი თქმით, ქვეყანაში ანტიამერიკული ტრენდი ჩამოყალიბდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„საერთოდ, ქვეყანაში რაღაც ანტიამერიკული ტრენდიც ჩამოყალიბდა, რასაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები. 29 წლის წინ, ეროვნული მოძრაობის დროს, როდესაც ქუჩაში მიტინგებს ვმართავდით, აშშ-ს მაშინაც მოვიაზრებდით სტრატეგიულ პარტნიორად და თქვენ იცით, იმის შემდეგ აშშ-მა რამდენი პროგრამა განახორციელა და რამდენი მხარდაჭერა გააკეთა. შეუძლებელია, ამ ქვეყანაში ანტიამერიკული ტრენდი შექმნა. ამით შეიძლება, მივიღოთ ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჩვენს მხარდაჭერას შეასუსტებენ, რითაც მხოლოდ საქართველო დაზარალდება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და უჭირს თუ არა ხელისუფლებას ამის აღიარება, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ კრიზისი გაცილებით მძიმე რამ არის, მაგრამ არის პოლიტიკური დაძაბულობა, რაც ქვეყანას აზარალებს.

„კრიზისი არის, როდესაც ბიუჯეტს ვერ იღებ, მთავრობა არ ფუნქციონირებს და ა.შ. პოლიტიკური სტაბილურობა ამ რვა წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მონაპოვარი იყო და მან საფრთხე პირველ რიგში, სწორედ ამ სტაბილურობას შეუქმნა. სტაბილურობის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იყო პროპორციული არჩევნები, რადგან ყველა პოლიტიკური მოთამაშე უკვე არჩევნებზე იყო გადართული“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.