ზვიად ძიძიგური - დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ოპოზიცია ცდილობს, პოლიტიკურ სცენაზე ადგილი იპოვოს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის მოსაზრებით, შეწყალების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნა მათი პოლიტიკური დაინტერესებაა, რომ პოლიტიკურ სცენაზე ადგილი იპოვონ.
როგორც ჟურნალისტებს ძიძიგურმა განუცხადა, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.
„ახალი ამბავი არ არის, რომ ოპოზიციას სურს, იმისთვის, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში იყოს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები შეიქმნას. თუ ნახავთ, ბოლო ოთხი ან რვა წლის განმავლობაში რამდენი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს, აღმოაჩენთ, რომ ეს რაოდენობა რამდენიმე ათეულს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ შეწყალებების აქტი საზოგადოების დიდ ნაწილს, სახელისუფლებო გუნდს არ მოეწონა, საპარლამენტო კომისიის შექმნა შეუძლებელია იმ უფლებაზე, რომელიც პრეზიდენტს ექსკლუზიურად აქვს. როცა ოპოზიცია სააკაშვილის შეწყალებებზე ჩხუბობდა, ამბობდა, რომ ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. ახლა იგივე ოპოზიცია ორმაგი სტანდარტის დამცველად გვევლინება და ამბობს, რომ შეწყალების აქტზე, რომელიც განახორციელა, საპარლამენტო გამოძიება უნდა დაიწყოს. ეს არის პოლიტიკური დაინტერესება, რათა პოლიტიკურ სცენაზე ადგილი ცოტა ხნით იპოვონ“, – აცხადებს ძიძიგური.