ლიბერალური იქნება თუ რეპრესიული, ნარკოპოლიტიკა ყველა შემთხვევაში შედეგთან ბრძოლაა და არა მიზეზთან, – ამის შესახებ პირველი არხის ანალიტიკოსმა და ჟურნალისტმა, ზვიად ავალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩემი აზრით, საქართველოში და ნებისმიერ ქვეყანაში ბრძოლა უნდა წარიმართოს მიზეზებთან და არა შედეგებთან. ყველა საზოგადოებაში არსებობს გარკვეული სეგმენტი, რომელიც ნარკოტიკისკენ მიდრეკილი ყოველთვის იქნება, რაც შესაძლოა, ქვეყნისთვის დემოგრაფიული კატასტროფის მიზეზი არ იყოს, მაგრამ ჩვენ მარტო ეს პრობლემა არ გვაქვს. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ნარკოდამოკიდებულება მასობრივი გახდა. ეს უკვე აღარაა არც კონკრეტული ჯგუფებისა და არც გარკვეული ასაკობრივი კატეგორიის, ან სოციალური სეგმენტის პრობლემა. ამის მიზეზი არის ძალიან ღრმა სოციალურ–ეკონომიკური, კულტურული და მთლიანად სოციეტალური კრიზისი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარეობს“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსმა.
როგორც ზვიად ავალიანმა აღნიშნა, თუ საზოგადოება შეთანხმდება, შესაძლოა, ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხე, როგორც სახელმწიფოს მხრიდან რეაქციის ფორმა გამოყენებული არ იქნას, მაგრამ მაშინ ალტერნატიული გზა უნდა მოიძებნოს.
„შესაძლოა, ეს გზა თუნდაც იძულებითი თერაპია იყოს, თორემ გამოდის, რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხეს, როგორც სასჯელს ვაუქმებთ და სამაგიეროდ არაფერს არ ვთავაზობთ“, – განაცხადა ავალიანმა.
გადაცემის წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, დეკრიმინალიზაციის შემდეგ იქნება თუ არა ლეგალიზაციის მოთხოვნა, ზვიად ავალიანმა აღნიშნა, რომ ასეთი მოთხოვნა უკვე არის.
„პოლიტიკური ძალა „გირჩი“, რომლის სარჩელის საფუძველზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, სწორედ ამას აანონსებს, რომ ლეგალიზაცია არამხოლოდ შემდგომი ნაბიჯი იქნება, არამედ მარიხუანის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლეგალიცია უკვე ფაქტია“, – განაცხადა ზვიად ავალიანმა.