ბათუმის ესტაკადის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება, თუმცა მანამდე ტურისტული სეზონისთვის ქალაქში შესასვლელი გზა გაიხსნება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომელიც მიმდინარე სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო.
ესტაკადის მშენებლობის გამო, ბათუმში შესვლა მხოლოდ ცალმხრივი გზით არის შესაძლებელი, ქალაქის დატოვება კი ავტოტრანსპორტს შემოვლითი გზით უწევს, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ქალაქში მოძრაობას.
ესტაკადა, რომელიც რკინიგზაზე გადასასვლელის ფუნქციასაც შეასრულებს, მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას ქალაქის შესასვლელში, სადაც საცობებს ხშირად პორტში შემავალი მატარებელი ქმნიდა. ბათუმის ესტაკადას პროექტი ითვალისწინებს ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ხუთი დამხმარე გზის მშენებლობას.
ესტაკადის სიგრძე 800 მეტრი, სიმაღლე კი 8,5 მეტრი იქნება. მშენებლობისთვის 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამჟამად მშენებლობაზე 80 ადამიანია დასაქმებული.
ბათუმის შესასვლელში ესტაკადა საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა, იგი ასლან აბაშიძის მმართველობის დროს დაანგრიეს იმ მოტივით, რომ კონსტრუქციები სახიფათო იყო და გარდა ამისა, არასაკმარისი სიმაღლე ხელს უშლიდა საბორნე გადასასვლელის ფუნქციონირებას.